Thumbnail
  • სერხიო აგუერო სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს
  • პეპის თქმით, შესაძლოა, სიტიმ ახალი თავდამსხმელი არც დაიმატოს 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით სრულიად უფასოდ დატოვებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფაქტია, რომ სიტის ახალი თავდამსხმელი სჭირდება.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ერლინგ ჰაალანდი იყო. ახალგაზრდა ნორვეგიელმა თავისი შედეგიანობით ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

ჰაალანდის დამატება მანჩესტერ იუნაიტედს, ჩელსის, ბარსელონას და მადრიდის რეალს სურთ. ამ ორ ესპანურ გუნდთან ჰაალანდის მამა და ასევე მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებებზეც კი იმყოფებოდნენ.

იყო მოლოდინი, რომ "ქალაქელები" ერლინგის დასამატებლად იბრძოლებდნენ და თანხას არ დაიშურებდნენ, თუმცა პეპ გვარდიოლას მიერ ნათქვამი სიტყვების შემდეგ ნორვეგიელის სიტიში ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ისეთ მაღალ ფასში ფორვარდის ყიდვა, რამდენსაც დორტმუნდის ბორუსია ითხოვს (დაახლოებით 150 მილიონი ევრო), მისი გუნდისთვის შეუძლებელია.

"ამ ფასებით ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე შემტევის ყიდვას. ეს შეუძლებელია, ამის საშუალება არ გვაქვს. ყველა კლუბი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. გვყავს გაბრიელ ჟეზუში, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აკადემიაში და ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ცრუ ცხრიანზე თამაში შეუძლიათ. შესაძლოა, მომდევნო სეზონისთვის არცერთი თავდამსხმელი არ ვიყიდოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

კომენტარები

ბოლო ამბები