Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ევროპული პრესის ყურადღების ცენტრშია და ამჯერად, მასზე გერმანულმა Fussballinfo-მ დაწერა. ამ გამოცემის თანახმად, ყაზანის რუბინის 20 წლის ტალანტი მიუნხენის ბაიერნის ინტერესის სფეროში მოექცა. აი რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“ალფონსო დევისი საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მიიზიდო ბუნდესლიგაში ნიჭიერი ფეხბურთელი და შემდეგ ის უმაღლეს საერთაშორისო არენაზე გაიყვანო, თანაც, უმოკლეს დროში. მოსალოდნელია, რომ მიუნხენის ბაიერნი Sabener Strasse-ზე ტალანტების მიყვანას მომავალშიც განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, ამ მიმართულებით ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტი განიხილება. უკანასკნელ პერიოდში მან საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთთან (0:1), ესპანეთთანა (1:2) და საბერძნეთთან (1:1) ითამაშა და ქართველების ორივე გოლი გაიტანა. მიუნხენში ესპანეთის ნაკრებთან მისმა თამაშმა დიდი ყურადღება მიიპყრო. დუგლას კოშტას სავარაუდო წასვლის შემდეგ, ხვიჩას ბაიერნის შემტევ კვარტეტში თავისი ადგილის დაკავება შეუძლია ლეროი სანეს, კინგსლი კომანისა და სერჟ გნაბრის გვერდით. სხვა საქმეა, რომ ქართველ ნახევარმცველს ყაზანის რუბინთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და ამ მხრივაც დიდი სამუშაო იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში, მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლის გატანა, 4 საგოლე პასის გაკეთება და 3-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 8 თამაშში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები