Thumbnail
  • ვილი სანიოლის ხელში ნაკრები პოზიციურ შეტევაში ბევრად უკეთესია
  • გუნდი დისციპლინას და ორგანიზაციას კრიტიკულ მომენტებშიც არ კარგავდა
  • ახალწვეულები გუნდს კარგად მოერგნენ
  • თავდამსხმელის და პლეიმეიქერის პოზიციები პრობლემურია

ბოლოდან დავიწყებ. საბერძნეთთან თამაშის ყველაზე მეტად გვეშინოდა. დაღლილზე, ორი რთული თამაშის და ორი არწასაგები მარცხის შემდეგ, დიდი იყო შანსი, რომ ნაკრები მისთვის უხერხულ მეტოქეს ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტული შეხვედროდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ასეთი რამ ბევრჯერ ყოფილა: ცოტაოდენ პოზიტივსა თუ იმედებს მალევე მოჰყვება ხოლმე მოულოდნელი და უფერული მარცხი, რომელიც ნაკრებს ისევ ძველ, ნეგატიურ ველში აბრუნებს. ასე მოუვიდა ქეცბაიას გუნდს ისრაელთან და ლატვიასთან, ტომპიოლერის გუნდი ემოციურად უკრაინაში და ლიეტუვაში გატყდა, მანამდე კი იგივე საბერძნეთი და რუმინეთი იყო.

ამ მოლოდინების შემდეგ, როცა ძალიან სოლიდური თამაშის მიუხედავად, ოთარ კაკაბაძის უიღბლო ავტოგოლი ვნახეთ, ალბათ ყველამ დავიჯერეთ, რომ რაღაც უზენაესი უსამართლობის თუ წყევლის მსხვერპლი ვართ. საქართველოს ნაკრებს ასეთი არწასაგები თამაშები ბევრჯერ წაუგია. ზოგადად, მენტალურად წაგებულ გუნდებს სჩვევიათ ხოლმე არგამართლებაზე და სხვა უბედურებებზე ბევრი ლაპარაკი.

...და ამ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ის გოლი გაიტანა, რომელიც საფეხბურთო ლოგიკაში თითქოს არც იჯდა, ისევ გაჩნდა იმისი რწმენა, რომ ეს "სხვა ნაკრებია", სხვა შესაძლებლობები აქვს და და "სხვა" მოლოდინები უნდა გვქონდეს. ძალიან რთულ სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს, თუმცა იმედები და მოლოდინები - ბევრად უფრო მეტი.

რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა ამ თამაშებში?

სანიოლის დისციპლინა

ვილი სანიოლის დანიშვნა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მაშინ, როცა ნაკრების დაგვიანებულ მწვრთნელს უკეთეს შემთხვევაში პოსტსაბჭოური სივრციდან ველოდით, ამ კალიბრის საფეხბურთო პერსონის ჩამოსვლა სასიამოვნო სიურპრიზი გამოვიდა. ძალიან რთულ ჯგუფში პრობლემური ნაკრების ჩაბარება, რომელმაც ორიოდე თვის წინ თავისი ისტორიის ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა, დიდი რისკი იყო ყველასთვის.

სანამ ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე გადავალ, პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ სანიოლის ხელი ყველაზე მეტად ემოციურ დონეზე იგრძნობა. ნაკრები თამამად და თავისუფლად თამაშობს - ანუ, ვნახეთ ის, რაც ვლადიმირ ვაისის დროს ყველაზე მეტად გვაკლდა. ნაკრები ბოლომდე იბრძვის და იბრძვის მაშინაც, როცა მართლა არ უმართლებს, ყველა ფაქტორი თითქოს მის წინააღმდეგაა და თამაშის სცენარიც ხელს არ უწყობს. ნაკრები ორგანიზებულია და სათამაშო დისციპლინას მაშინაც კი არ კარგავს, როცა ანგარიშში ჩამორჩება და იოლია იმის ცდუნება, რომ პანიკას აყვე.

ასე იყო შვედებთან, როცა პირველ ტაიმში სანიოლის გუნდი დაცვიდან თამაშობდა და კარგად ამოდიოდა კონტრშეტევებზე მეტოქის მიერ დატოვებულ სივრცეებში. ასე შეიქმნა ქვილითაიას მომენტიც.

📺 პირველი არხი

გაშვებული გოლის მერე კი მეორე ტაიმში ძალიან დისციპლინირებულად და ორგანიზებულად გადავიდა პოზიციურ შეტევებზე. თანაც ისე, რომ შვედეთს კონტრშეტევების საშუალება არ მისცა და მატჩის ბოლოს შენგელიას რომ გაეტანა, დამსახურებულ ქულასაც აიღებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე საქართველო პოზიციურ შეტევაში მეტოქის ნახევარზე 8 კაცით გადადიოდა. აუტსაიდერები ასე არ უტევენ.

შვედეთთან პოზიციური შეტევა 8 კაცით მეტოქის ნახევარზე

თუკი ამ თამაშში  სანიოლის გუნდმა რამეში დათმო, ეს მომენტების რეალიზაცია იყო.

ასევე თამამი და ორგანიზებული იყო ეროვნული გუნდი ესპანეთთან. პირველ ტაიმში, აუტსაიდერის კვალობაზე, მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო, გატანილი გოლის შემდეგ კი მეორე ტაიმში დაცვა დისციპლინით და მონდომებით ითამაშა, არც მიღებული გოლის შემდეგ აირია და ესპანეთის მეორე გოლიც უფრო მომენტის და ინდივიდუალური შეცდომის ამბავი იყო, ვიდრე ესპანელთა შტურმის ლოგიკური შედეგი.

📺 პირველი არხი

მოკლე როტაციის მიუხედავად, საბერძნეთთან ჩაგდებული პირველი 20 წუთის მერე, საქართველო აშკარად უკეთესი გუნდი იყო. მოგებასთანაც მეტოქეზე ახლოს იყო და ძალიან უაზროდ გაშვებული გოლის მიუხედავად, არ გატყდა და თანაბარ ანგარიშზეც, ბოლო წუთებში, მეტოქეს ძალის პოზიციიდან ეთამაშებოდა.

პოზიციური შეტევის არარსებობა ვაისის გუნდის მთავარი ტაქტიკური პრობლემა იყო. ის გუნდი მხოლოდ შემტევების (ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ა.შ.) ინდივიდუალური ოსტატობის იმედად უტევდა.

ყაზახეთს და ლატვიას შეიძლებოდა ეს ყოფნიდა, თუმცა თუნდაც საშუალო კლასის ევროპულ ნაკრებებთან საკმარისი აღარ იყო. უბრალოდ არ ჩანდა, როგორ უნდა გაეტანა საქართველოს გოლი.

მაგალითად, ვაისის გუნდმა წინა შესარჩევში საშუალო კლასის ევროპულ ნაკრებებთან (დანია, ირლანდია, შვეიცარია) 6 თამაშში მხოლოდ ერთხელ გაიტანა. მაშინაც კი, როცა მისაღები შედეგი ჰქონდა (მაგალითად, ორი ნულოვანი ფრე ირლანდიასთან და დანიასთან), ორ თამაშში მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, არადა ბურთი საერთო ჯამში 47 პროცენტი ჰქონდა. ანუ, იმ გუნდმა უბრალოდ არ იცოდა პოზიციური შეტევის დროს ბურთისთვის რა უნდა მოეხერხებინა და ცდილობდა, სტერილურად, გამწვავების გარეშე დაეჭირა.

შედარებისთვის: სანიოლის გუნდმა სამ თამაშში უფრო ძლიერ მეტოქეებთან 9 დარტყმა დააგროვა 6 აშკარა საგოლე მომენტი შექმნა და უკეთესი რეალიზაციის პირობებში მეტ გოლსაც გაიტანდა. არადა, ტრავმების გამო ზუსტად შემტევ ხაზში რამდენიმე ისეთი მოთამაშე აკლდა, რომელიც წინა შესარჩევში საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ სპეციალისტს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, აშკარაა, რომ ნაკრებს აქვს უკეთესი სათამაშო ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის, ბევრად უკეთ და თამამად უტევს პოზიციურად და არ კარგავს სათამაშო დისციპლინას.

პროგრესი თამაშიდან თამაშამდე

ფრანგ სპეციალისტს პლუსად ისიც უნდა ჩავუთვალოთ, რომ ის ძალიან სწრაფად ხედავდა, თუკი რომელიმე რგოლი არ მუშაობდა და დეტალებს თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებდა.

ნაკრებმა სამივე თამაში ერთი სქემით ითამაშა - 4-5-1.

4-5-1 ესპანეთის წინააღმდეგ

შვედეთთან თამაშში საქართველომ სამი ისეთი ნახევარმცველი (კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია) დააყენა ცენტრში, რომლებიც შეტევას ნაკლებად ეხმარებიან და ნაკლებად დინამიურები არიან, რომ ნახევარდაცვის ხაზიდან შეტევაში იმოძრაონ. ჩანაფიქრი გასაგები იყო - შვედების განაპირა მცველები შეტევაში მოდიან და მათ ფლანგებზე სივრცეები რჩება. სანიოლმა ჩათვალა, რომ ფლანგის შემტევები საკმარისი იყო, მოედნის ცენტრში კი უფრო კომპაქტურ განლაგებაზე გააკეთა აქცენტი.

4-5-1 შვედეთთან და შვედეთის ფლანგის შემტევები მაღალ პოზიციაში

შედეგად, საქართველოს ერთდროულად სამი მოთამაშე ჰყავდა მოედნის ცენტრში, რომელთა ძლიერი მხარე არც ბოლო პასის მიცემაა და არც მეტოქის საჯარიმოში მეორე ტემპით ჩართვა. ამ იდეამ არ იმუშავა და შემდეგ ორ თამაშში მოედანზე ორი საყრდენი ნახევარმცველის წინ ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხვიჩას შემდეგ, კიტეიშვილს ყველაზე ხშირად გაჰყავდა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე (თამაშში 0.7-ჯერ) და ძალიან ბევრს მოძრაობდა ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზებს შორის, კარგი იყო პრესინგში და კარგად უტევდა მეტოქის საჯარიმოს მეორე ტემპიდან. შვედებთან მან მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა და ისიც ფლანგზე. ჩავარდნილი ექსპერიმენტის შემდეგ, სანიოლმა მალევე იპოვა სწორი ბალანსი მოედნის ცენტრში.

ახალწვეულები

ნაკრების აქტივში უნდა ჩაითვალოს რამდენიმე ახალწვეულის გამოჩენა. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გურამ გიორბელიძემ, რომელიც მეკარის და ცენტრალური მცველების დუეტის გარდა, ერთადერთი იყო, რომელმაც სამივე თამაში შეუცვლელად ითამაშა. გიორბელიძე ძალიან თამამად და ღელვის გარეშე თამაშობდა, კარგი იყო დაცვაშიც და მოდიოდა წინაც - თამაშში 0.7-ჯერ გაჰყავდა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.

კარგი დებიუტი ჰქონდა გრიგოლ ჩაბრაძეს, რომელსაც შვედეთის გოლის მომენტში უფრო მჭიდროდ თამაში შეეძლო, თუმცა ამის მიუხედავად, დებიუტანტის კვალობაზე, ღირსეულად გამოიყურებოდა. შემდეგ თამაშებში ძალიან კარგი იყო ოთარ კაკაბაძე (ძალიან უიღბლო ავტოგოლის მიუხედავად), თუმცა კარგია, რომ ჩაბრაძის სახით ნაკრებს სხვა არჩევანიც აქვს მარჯვენა ფლანგზე.

გაამართლა დაცვის ცენტრში ლაშა დვალის დაყენებამაც. იგი კარგად იწყებს შეტევებს და ნიკა კვეკვესკირის გარდა ერთადერთია, რომელსაც პასების სიზუსტის მაჩვენებელი 90 პროცენტზე მეტი აქვს. ამასთან ერთად, როცა ერთი ცენტრალური მცველი მემარჯვენეა, შეტევის დაწყებისთვის უფრო მოსახერხებელია მეორე მცველად ცაციას დაყენება, ასეთ დროს ბურთის გადატანა ორივე ფლანგზე იოლია. დვალი დაცვითი უნარების გარდა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ შეტევის დაწყება და პირველი პასი ეხერხება და დაცვაში კაშია ერთადერთი ოპცია აღარ არის შეტევის დასაწყებად.

ხარვეზები და სისუსტეები

პოზიტიური დინამიკის გარდა, ეროვნულმა ნაკრებმა თავისი სისუსტეებიც აჩვენა. შვედეთთან თამაშში პრობლემად იქცა მეტოქის ვერტიკალური გადაცემები. გოლიც და პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტიც - ისაკის დარტყმა - ერთი ტიპის შეტევას მოჰყვა. სიღრმიდან წამოსულ ვერტიკალურ გადაცემას, რომლის შედეგადაც შემტევმა ბურთი სიღრმიდან წამოსულ თანაგუნდელს დაუგდო.

📺 პირველი არხი

პოზიციურ შეტევებში შვედეთმა საქართველოს ბევრი პრობლემა ვერ შეუქმნა, თუმცა დაცვის ცენტრში ათლეტური შვედეთის წინააღმდეგ მასა, სიმაღლე და გაბარიტები საქართველოს ნაკრებს აშკარად დააკლდა.

პრობლემურია გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაც. ვერც გიორგი ქვილითაიას და ვერც ბუდუ ზივზივაძის თამაშს იდეალურს ვერ დავარქმევთ. ქვილითაია უფრო ‘მუშა’ თავდამსხმელია - კარგად იღებს გრძელ გადაცემებს და ბევრს მუშაობს, თუმცა გოლის ალღო და დამამთავრებელ ფაზაში ოსტატობა აკლია. ზივზივაძე უფრო მოძრავი და დინამიურია, თუმცა ფაქტია, რომ ამ სამ თამაშში კლასიკური 9 ნომრის პოზიცია ნაკრებში სუსტად გამოიყურებოდა. შესაძლოა, ამ პრობლემაზე პასუხი ნიკა კაჭარავას დაბრუნება იყოს. ან გიორგი მიქაუტაძის კარიერულ ზრდას უნდა დაველოდოთ.

რეალიზაციის პრობლემაზე ზემოთ უკვე დავწერეთ - ცოტა მეტი კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა ნაკრების შედეგიანობას აუცილებლად გაზრდის. საქართველოს ტიპის გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მომენტები სისტემატიურად ვერ გამოიყენოს, ან ინდივიდუალური შეცდომები დაუშვას. ორივე ამ ფაქტორმა ის განაპირობა, რომ სანიოლს მხოლოდ 1 ქულა აქვს და არა მეტი.

პრობლემურია ასევე მოედნის ცენტრში ე.წ. გამთამაშებლის პოზიცია. ‘ჩამშლელი’ კანკავას გვერდით კვეკვესკირიც ვნახეთ, გვილიაც და აბურჯანიაც. კვეკვესკირს შეტევის დაწყება ამ სამეულში ყველაზე მეტად ეხერხება, თუმცა მან მხოლოდ 79 წუთი ითამაშა. ფაქტი ერთია, რომ საქართველოს არ ჰყავს მოედნის ცენტრში არცერთი მოთამაშე, რომელიც თამაშში თუნდაც 45 პასს ასრულებს (ყველაზე მეტი აბურჯანიას აქვს - 41.5). არადა, თუნდაც საშუალო გუნდში ყოველთვის მოიძებნება ისეთი მოთამაშე, რომელიც თამაშში 60 პასის ფარგლებში მაინც ასრულებს და ბურთის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

მაგალითად, ესპანეთმა პოზიციურ შეტევაში ბევრი ვერაფერი მოახერხა, თუმცა საჯარიმოს სიახლოვეს ნახევარმცველების მიერ დაკარგული ორი ბურთი მაშინვე საგოლე მომენტად და გოლად იქცა.

📺 პირველი არხი

კაშია-კანკავა-კვარაცხელია

ნაკრები ახალ სიცოცხლეს იწყებს. ეს ციკლი დიდწილად მოსამზადებელ ეტაპად უნდა განვიხილოთ. ახალი სიცოცხლე და თაობათა ცვლის პროცესი ვერ გამოვა ორი ვეტერანის - ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას გარეშე.

მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ეროვნული გუნდის თამაშზე გადამწყვეტი გავლენა აქვთ. კაშია დაცვის ლიდერია და უთამაშებლობისა და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების მიუხედავად, ფორმის პიკშია. უმაყურებლო თამაშებში და უშუალოდ ტრიბუნებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ხელმძღვანელობს კაშია მთელ დაცვას.

📺 პირველი არხი

თუკი კაშია სიტყვით არის ნაკრების ლიდერი, ჯაბა კანკავა - უფრო მაგალითის ლიდერია. კაპიტანმა სამივე თამაშში ითამაშა, ჩვეულად ბევრი შავი სამუშაო შეასრულა და ძალიან სანდო და დამაჯერებელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ანალიტიკურ სტატიაში მასზე ბევრი საუბარი თითქოს უხერხულიცაა - გასაანალიზებელი აქ ბევრი არაფერია. ეს ბიჭი ფენომენალური ტალანტია! ორი ძალიან მაგარი გოლი შეაგდო და საქართველოს ნაკრები თითქმის მთლიანად მასზეა დამოკიდებული შეტევის დროს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ამ სამ თამაშში საქართველოს ნაკრების შეტევების 40 პროცენტი სწორედ მისი, მარცხენა ფლანგიდან დაიწყო.

უშუალოდ სტადიონიდან ნანახს დავწერ - ტალანტის და სილაღის გარდა, სრულიად არაახალგაზრდული თვითრწმენა აქვს, ბევრად უფრო იშვიათად კარგავს ბურთს, ვიდრე თუნდაც სულ რამდენიმე თვის წინ და დაცვასაც კარგად ეხმარება - შავ სამუშაოს არ თაკილობს.

მგონია, რომ გიორგი ქინქლაძის მერე ასეთი ტალანტი საქართველოს არ ჰყოლია. კვარაცხელია ალბათ მთავარი მიზეზია, რის გამოც სამ თამაშში 1 ქულის მიუხედავად, ნაკრების გულშემატკივარი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

მაკედონიის შოკის მერე სანიოლის ხელში გუნდი დაბრუნდა. ახლა მთავარი პროგრესია. საქართველოს ნაკრების პროგრესი გრძელვადიანი პროცესია - უცებ არაფერი გამოვა: ხელსაყრელი ჯგუფი, კარგი მწვრთნელი და კარგი თაობა ერთმანეთს უნდა დაემთხვეს. ამ ჯგუფში ამ გუნდისთვის მესამე ადგილი რეალისტური ამოცანაა.

კომენტარები

ბოლო ამბები