Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდის მამა და მრჩეველი დღეს ბარსელონაში ჩაფრინდნენ
  • ისინი კატალონიური გრანდის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავენ

ეს იმას ნიშნავს, რომ ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი რეალურია!

დღეს, ესპანურმა გამოცემებმა Sport-მა და Mundo Deportivo-მ (ორივე გაზეთი ბარსელონასთან ასოცირდება) ერთხმად გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ჰაალანდის მამა ალფ-ინგე და ყველასათვის კარგად ნაცნობი აგენტი მინო რაიოლა ხუთშაბათს დილით ბარსელონაში ჩაფრინდნენ. “მუნდო დეპორტივომ” რაიოლას და უფროსი ჰაალანდის ჩასვლის კადრებიც გამოაქვეყნა.

ხსენებულ გაზეთებში ვკითხულობთ, რომ მათ აეროპორტში ბარსას ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას წარმომადგენლები დახვდნენ. ‘სპორტის’ ინფორმაციით, ჰაალანდის მამა და აგენტი ლაპორტას შეხვდებიან. მოლაპარაკების თემა გასაგებია - დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი გოლეადორის შესაძლო ტრანსფერი კატალონიურ გრანდში.

აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელი არავისთვისაა, რადგან რაიოლამ რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა, რომ თუ დორტმუნდი მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ჰაალანდის წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.

ბარსელონას მისი შეძენა დიდი ხანია, სურს. მეტიც: ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, 20 წლის ცენტრფორვარდი კატალონიური გრანდის ნომერ პირველი სამიზნეა. ცნობილია ისიც, რომ რაიოლა და ლაპორტა დიდი ხანია, მეგობრობენ.

ბარსას გარდა, ნორვეგიელზე რეალ მადრიდი და მანჩესტერ სიტიც ოცნებობენ. ჰაალანდს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფორვარდს BVB-დან წასვლა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ 2022 წლის ზაფხულშიც შეუძლია. წელს კი, ბორუსიას შანსი აქვს, ჰაალანდი გაცილებით ძვირად გაყიდოს.

თუმცა ცნობილია, რომ ბარსელონას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ ბარსელონაში ჩასვლა რაიოლას მორიგი ცრუ მანევრია, რომლითაც მას დორტმუნდის ანერვიულება და ჰაალანდისთვის ხელფასის გაზრდა შეიძლება სურდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა - რაიოლა ასეთებით ცნობილია...

კომენტარები

ბოლო ამბები