Thumbnail

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, ეს საქართველოს ნაკრების ცენტრის გარეშე გააკეთა, რომელიც ტრავმირებულია.

ესპანური კლუბი ლატვიაში ვეფ-ს სტუმრობდა და იმის მიუხედავად, რომ რიგაში შერმადინი არ ჩაუყვანია, მეტოქეს 77:64 სძლია. როგორც ირკვევა, გიორგიმ კოჭის მცირე ტრავმა ლიგა ენდესას გასულ ტურში მიიღო, რომელშიც ტენერიფელებმა ვალენსიას 90:86 სძლიეს, ქართველმა ლეგიონერმა კი 24:10 წუთში 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ. გუნდი მოედანზე კონცენტრირებული გავიდა და შეეცადა ყველა ის პრობლემა აღმოეფხვრა, რაც გიოს არყოფნით იყო გამოწვეული”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ლენოვო ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ.

არსებული ინფორმაციით, შერმადინის ტრავმა სერიოზული არაა და თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა, თამაში ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურშივე უნდა შესძლოს. შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებს უახლოესი შეხვედრა 3 აპრილს სტუმრად რეალ ბეტისთან ელით.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ტად მაკფადენი ესპანეთის ლიგა ენდესას მარტის საუკეთესო მოთამაშეები (MVP) გახდნენ. გასულ თვეში ორივეს საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 25.5 გახლდათ, ამიტომაც, ტიტული გაიყვეს. მარტში გიორგის საშუალო მონაგარი 17.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.0 პასი და 1.0 დაფარება იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები