Thumbnail

კოსოვოს საფეხბურთო ნაკრების ესპანეთში სტუმრობამ სკანდალების ფონზე ჩაიარა, რასაც ბევრი წინასწარმეტყველებდა. შეგახსენებთ, რომ კოსოვოელები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც 4-დან 3 ქვეყანა – ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველო მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ესპანეთისა და საბერძნეთის გარდა, ამ პოზიციაზე მხოლოდ სლოვაკეთი, კვიპროსი და რუმინეთი არიან.

კონკრეტულად ესპანეთის მოტივაცია გასაგებია. ისინი პრეცენდენტის დაშვებას ქვეყანაში არსებული პრობლემატური ტერიტორიების – კატალონიისა და ბასკების მხარის გამო არ აპირებენ. ყველა კაზუსი, რავ კოსოვოელთა ესპანეთში სტუმრობას თან ახლდა, ამით იყო გამოწვეული.

ჯერ კიდევ მატჩამდე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მეტოქეს “კოსოვოს ტერიტორიად” მოიხსენიებდა, რასაც მოწინააღმდეგის მძაფრი პროტესტი მოჰყვა. კოსოვოელები უეფაში ჩივილითა და თამაშის ბოიკოტით დაიმუქრნენ და ამან გაჭრა. უშუალოდ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ურთიერთობა დაიძაბა კოსოვოს ნაკრების პრეს-ატაშესა და ესპანელ ჟურნალისტებს შორის. მასმედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ხანგრძლივი კამათის შემდეგ მოუხდა იმის თქმა, რომ კითხვას “კოსოვოს მწვრთნელს” უსვამდა და არა უბრალოდ – “მწვრთნელს”.

ბოლო სკანდალურ ფაქტს ადგილი უშუალოდ თამაშის დროს ჰქონდა, რომელმაც სევილიამ უმასპინძლა. ტრანსლაციის დროს ყველა გრაფიკულ გამოსახულებაზე, იქნებოდა ეს შემადგენლობების წარდგენა თუ უბრალოდ ანგარიში ტაბლოზე, კოსოვო პატარა ასოებით ეწერა, ესპანეთი კი ჩვეულებრივად – დიდით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი გაფორმება იმ ტრანსლაციას გასდევდა, რომელიც ესპანეთზე გადიოდა, დანარჩენ მსოფლიოში კი ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.

შეგახსენებთ, რომ თავად შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ესპანეთმა პირველივე ტაიმში 2 გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი მეტოქეს 3:1 სძლია 7 ქულით B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს შვედეთში ჩაატარებს, კოსოვო კი ამ დღეს საქართველოს ეწვევა და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რაიმე გაურკვევლობა ამ თამაშთან დაკავშირებითაც შეიქმნას. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობას ასევე არ აღიარებს და მიზეზი აქაც ცხადია: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა.

📺 ესპანეთი V კოსოვო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები