Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს მიმდინარე სეზონში 25-ე მარცხი განიცადა, თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ბოლო მატჩების მსგავსად, ამჯერადაც, საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა.

პეისერსი შინაურ კედლებში მაიამი ჰითს ბოლო მეოთხედამდე უგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 87:92 წააგო. 21 წლის ბითაძე თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა. საინტერესოა, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანამ მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ბოლო შეხვედრებია, გოგას სტატისტიკური კუთხით აშკარა პროგრესი აქვს. უკანასკნელ ხუთ მატჩში მისი საშუალო მონაგარი 8.0 ქულა, 4.0 მოხსნა და 1.2 დაფარებაა და ეს მხოლოდ 11.8 წუთში. 

თუკი ისევ გასულ მატჩს დავუბრუნდებით, აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმა მიიღო პეისერსის ლიეტუველმა ლეგიონერმა დომანტას საბონისმა. მოგვიანებით მან მოედანზე დაბრუნება შესძლო, თუმცა, ჩვეულად შედეგიანი არ ყოფილა (9 ქულა, 14 მოხსნა). ინდიანას სასტარტო ცენტრმა მაილს ტერნერმა 15 ქულას 6 მოხსნა წაამატა, კარის ლევერტმა და დაგ მაკდერმოტმა კი 14-14 ქულა ჩააგდეს.

ინდიანა პეისერსმა 21 მოგება და 25 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, ამდენად, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლას კვლავაც განაგრძობს. ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ისევ ინ შარლოტ შარლოტ ჰორნეთსს ეთამაშება.

📺 ინდიანა V მაიამი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები