Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრები სალონიკიში, საბერძნეთს შეხვდა და ქულა მოიპოვა (1:1), რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. 20 წლის შემტევმა ეროვნულ გუნდში ჩატარებულ მე-8 მატჩში მე-3 გოლი გაიტანა (პლუს 2 საგოლე პასიც აქვს) - მან 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

თამაშის შემდეგ ხვიჩამ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აზრით, თანაბარი თამაში იყო და მოგება ორივე გუნდს შეეძლო, საქართველოს ნაკრებმა კი თამაში ასე უნდა გააგრძელოს და მომდევნო მატჩებში ფეხბურთელებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ.

"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. მიმაჩნია, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეულები არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ - მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად, ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან", - თქვა ხვიჩამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 3 თამაში შემდეგ 1 ქულა აქვს (შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1) და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი B ჯგუფში მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს ჩაატარებს - კოსოვოს უმასპინძლებს. მანამდე, ივნისში ორი ტესტ-მატჩი იგეგმება, ერთი მეტოქე ცნობილია - რუმინეთი (2 ივნისს სტუმრად), მეორე მოწინააღმდეგის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები