Thumbnail

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პირველი ქულა აიღო - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში, საბერძნეთთან, სტუმრად 1:1 ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს მომდევნო ოფიციალური მატჩი სექტემბრამდე აღარ ექნება (სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებს). მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის ფრანგმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა. მისი კომენტარები ბერძნული მედიიდან:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...მატჩის შესახებ: “უცნაური თამაში გამოვიდა. თავიდან ბერძნებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, ბოლოს კი უცნაურ სიტუაციაში გავიდნენ წინ. საბედნიეროდ, მალევე გავათანაბრეთ! მატჩის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ თამაშზე კონტროლი დავამყარეთ. 

...შედეგზე: “შვედეთთან და ესპანეთთან უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ ავიღეთ. საბერძნეთში მოპოვებული ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი შრომისა და დიდი მონდომების შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთეთ, უსამართლობა და ჩემი გუნდისთვის საშინელება იქნებოდა, ახლა ერთი ქულაც რომ ვერ აგვეღო.”

...გუნდზე და მომავალზე: “ვამაყობ ჩემი გუნდით და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ და უკეთესი შედეგები გვექნება. პანდემიის გამო უმაყურებლო თამაში იყო და სტადიონზე ხალხი რომ ყოფილიყო, უფრო გაგვიჭირდებოდა. ვიმედოვნებ, რომ შესარჩევის მომდევნო მატჩებში უკვე ყველა სტადიონი სავსე იქნება.”

...ნიკა ნინუას შესახებ: “მის შესახებ ვიცი და მომავალში ჩვენთან ერთად იქნება. ნინუა კარგი ფეხბურთელია, პაოკ-ში მისი თამაში ვნახე და ვიცი, რა შეუძლია.”

საბერძნეთი 1:1 საქართველო

გოლები: 1:0 კაკაბაძე (76. ავტოგოლი), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბაკაკისი (42. მავრიასი), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი - ზეკა, ბაკასეტასი (71. იაკუმაკისი), ბუხალაკისი (87. სიპოისი) - ძოლისი (46. ლიმნიოსი), პავლიდისი (70. მასურასი), ფორტუნისი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია (74. გვილია) - ლობჟანიძე (84. ჯიღაური), კიტეიშვილი (84.კვეკვესკირი), კვარაცხელია - ზივზივაძე (63. ქვილითაია)

 

კომენტარები

ბოლო ამბები