Thumbnail
  • ესპანეთი 3:1 კოსოვო
  • ლუის ენრიკეს გუნდმა მორიგი სამი ქულა უპრობლემოდ მოიპოვა
  • სევილიურ მატჩში გოლები ოლმომ, ტორესმა და მორენომ გაიტანეს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში კოსოვოს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე მასპინძელთა დომინაცია პირველივე წუთებიდან ტოტალური იყო. შესვენებამდე გოლები კი რამდენიმე დღის წინ, თბილისურ მატჩში გამორჩეულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. 34-ე წუთზე დანი ოლმომ ანგარიში ბრწყინვალე ტექნიკური დარტყმით გახსნა, ორიოდ წუთში კი უკვე ფერან ტორესი გამოირჩა მახვილი კუთხიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით.

კოსოვოელები ესპანეთთან გატანილმა გოლმა ძალიან გაახარა

ლუის ენრიკეს გუნდმა გოლი კოსოვოს ნაკრებისგანაც გაუშვა. სტუმრები შესვენების შემდეგ ბესარ ჰალიმიმ გააბედნიერა, რომელმაც საკმაოდ შორი მანძილიდან მოახერხა გატანა. თუმცა ეპიზოდის "მთავარი გმირი" ესპანელთა მეკარე უნაი სიმონი იყო, რომელიც ბურთზე ფეხით თამაშით საკუთარი საჯარიმოს გარეთ მეტისმეტად გაერთო და მეტოქეს გატანის შესაძლებლობა მისცა.

მაგრამ ხუთიოდე წუთში, შეცვლაზე შესულმა ჟერარ მორენომ, კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით, ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრების ღირსება 180-ე მატჩში დაიცვა

ესპანეთის ნაკრებს სამ მატჩში 7 ქულა აქვს და B ჯგუფის სათავეშია. მეორე ადგილზე შვედეთია, რომელსაც თამაშით ნაკლები და 6 ქულა აქვს. მესამე საბერძნეთია (2), მეოთხე საქართველო (1) ბოლო ადგილს კი კოსოვო იკავებს, რომელმაც ორ შეხვედრაში ქულა ვერ მოიპოვა.  

ლუის ენრიკეს გუნდს წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება, მუნდიალის შესარჩევს კი 2 სექტემბერს, შვედეთთან გასვლითი მატჩით დაუბრუნდება. ამავე დღეს კოსოვოს ნაკრები ჯგუფში მომდევნო მატჩს სტუმრად თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს.

 

ესპანეთი 3:1 კოსოვო

გოლები: 1:0 ოლმო (34’), 2:0 ტორესი (36’), 2:1 ჰალიმი (70’), 3:1 მორენო (75')
ესპანეთი (4-3-3): სიმონი - მ. ლორენტე, ე. გარსია (86' რამოსი), ი. მარტინესი, ალბა - პედრი (68' რუისი), ბუსკეტსი (82' როდრი), კოკე - ტორესი, მორატა (68' მორენო), ოლმო (82' კანალესი).
კოსოვო (3-4-1-2): უიკანი - ვოივოდა, დრეშევიჩი, ალიტი - ჰადერგენაი, ჰალიმი (82' ვოცა), კრუზიუ, კოლოლი (57' ზენელი) - ცელინა - რაშიცა (55' კასტრატი), მურიჩი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები