Thumbnail

რომ არა უიღბლობა, ამ თამაშის მოგებაც შეიძლებოდა! თუმცა საბერძნეთში ფრეც კარგი შედეგია და ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი გოლით სალონიკიში ქულა გადაურჩინა.

მაშ ასე: ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პირველი ქულა აიღო - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში, საბერძნეთთან, სტუმრად 1:1 ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს მომდევნო ოფიციალური მატჩი სექტემბრამდე აღარ ექნება (სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებს).

ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, ფრანგმა მწვრთნელმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ნახევარდაცვაში ვაკო გვილია გიორგი აბურჯანიამ ჩაანაცვლა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ქაოტურად დაიწყო, ბერძნებს შანსი უკვე მე-8 წუთზე ჰქონდათ, როცა 19 წლის ხრისტოს ძოლისმა ხელსაყრელი მომენტი გაანიავა, ბურთი ლორიას კარს გადააცილა.

ამის შემდეგ სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს - 28-ე წუთზე გიორბელიძის გარღვევას კვარაცხელიას მომენტი მოყვა, ხვიჩამ დარტყმა ოდნავ დააგვიანა და ბურთი დაიბლოკა. 36-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გაიტანა (კიტეიშვილი), მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან. საბოლოოდ, ტაიმი 0:0 დასრულდა, რაც ყველაზე ლოგიკური შედეგია. 

შესვენებაზე ვან'ტ სხიპმა ახალგაზრდა ძოლისი გაიყვანა, თამაში კი კვლავ ნელ ტემპში გაგრძელდა. კვარაცხელია ხშირად ახდენდა ტექნიკის დემონსტრირებას, თუმცა საგოლე მომენტები არც ერთ კართან არ იქმნებოდა.

68-ე წუთზე აბურჯანიას სახიფათო საჯარიმო ვლახოდიმოსმა კუთხურზე მოიგერია. საქართველოს ნაკრების კართან მომენტები არ იქმნებოდა და ისევ სანიოლის ფეხბურთელებმა "შექმნეს" - 76-ე წუთზე მარჯვნიდან ჩაწოდებული საჯარიმოში მდგარმა კაკაბაძემ საკუთარ კარში გაიტანა. 78-ე წუთზე ამას სტუმართა პასუხი მოჰყვა - ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შედევრი შექმნა, მარცხნიდან შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 86-ე წუთზე კანკავას შორეული დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მცირე შტურმიც კი მოუწყო.

საბერძნეთი 1:1 საქართველო

გოლები: 1:0 კაკაბაძე (76. ავტოგოლი), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბაკაკისი (42. მავრიასი), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი - ზეკა, ბაკასეტასი (71. იაკუმაკისი), ბუხალაკისი (87. სიპოისი) - ძოლისი (46. ლიმნიოსი), პავლიდისი (70. მასურასი), ფორტუნისი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია (74. გვილია) - ლობჟანიძე (84. ჯიღაური), კიტეიშვილი (84.კვეკვესკირი), კვარაცხელია - ზივზივაძე (63. ქვილითაია)

 

კომენტარები

ბოლო ამბები