Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი ორ ქალაქში? მოულოდნელი ინფორმაცია იტალიიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არსებობს შანსი მატჩები მხოლოდ ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგში ჩატარდეს
  • არადა, ამჟამინდელი ვერსიით, ტურნირს 12-მა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს

ევრო 2020, რომლის ჩატარებაც გაისად იგეგმება, შესაძლოა, მხოლოდ 2 ქალაქში გაიმართოს და არა – 12-ში, როგორც თავდაპირველი ვერსიითაა გაწერილი. ამ მოულოდნელ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, კვლავ გართულებული კოვიდ-სიტუაციის გამო, უეფა სერიოზულად განიხილავს მასპინძელი ქალაქების მინიმუმამდე დაყვანას და აპირებს, არჩევანი მხოლოდ ლონდონსა (ინგლისი) და სანკტ-პეტერბურგზე (რუსეთი) შეაჩეროს. როგორც ირკვევა, ამ ქვეყნებთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და ორივე თანახმაა, ევროპის ჩემპიონატის მატჩების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა. ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. ბოლო დროს არაერთი მედიასაშულება წერდა, რომ ტურნირის უეფას წევრი 12 ქვეყნის 12 ქალაქში გამართვა არარეალური იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები