Thumbnail

ესპანური Sport საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და განსაკუთრებულად აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი. ესპანელები ჯერაც შთაბეჭდილებების ქვეშ არიან იმ თამაშის გამო, რომელიც ქართველმა შემტევმა “ფურია როხასთან” თბილისურ შეხვედრაში აჩვენა. აღნიშნული ვებ-გვერდი ხვიჩასადმი სევილიას დაინტერესების შესახებაც წერს.

“ქართველი ფეხბურთელების ახალი თაობა ნელ-ნელა თავის სიტყვას ამბობს. ეს გუნდი ალბათ იმ ნაკრებს უნდა შევადაროთ, რომელიც ქართველებს საუკუნის დასაწყისში ჰყავდათ, კალაძისა და არველაძის შემადგენლობით. გასულ კვირას ვილი სანიოლის შეგირდები ესპანეთს მაგრად დაუდგნენ და ყველას აჩვენეს, რომ ჯგუფში იოლად არაფერს დათმობენ. ეს ბერძნებმაც კარგად უნდა იცოდნენ, რომლებიც საქართველოს ნაკრებს სალონიკიში დაუხვდებიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მოგებისთვის, თუკი, ჯგუფში ესპანეთთანა და შვედეთთან კონკურენცია სურთ. საბერძნეთს მიზნის მისაღწევად მოუწევს გააჩეროს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამ საკვალიფიკაციო ციკლის ერთ-ერთ სენსაციად იქცა. ყაზანის რუბინის სწრაფმა გარემარბმა ესპანეთი ხომ გაამწარა და ახლა ბერძნებთან შერკინებისთვის ემზადება. უდავოა, რომ მას დღევანდელ მატჩშიც დააკვირდება სევილიას სპორტული დირექტორი მონჩი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას სატრანსფერო სიაში, რომელიც მომავალ ზაფხულს უნდა აამოქმედოს, კვარაცხელიას გვარიც აქვს შეტანილი. ხვიჩას აგენტს ნათქვამი აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბაიერნსა და რეალში სათამაშოდაც კი მზადაა. თავად კვარაცხელია სწორედ მადრიდელთა ქომაგია, თუმცა, მამამისი ბარსელონას გულშემატკივრობს”.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 20 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. 20 წლის შემტევს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში უკვე 2-2 გოლი და საგოლე პასი აქვს. სხვადასხვა წყაროები ხვიჩას მომავალს იტალიაში იუვენტუსსა და მილანს, გერმანიაში დორტმუნდის ბორუსიას, ხოლო ესპანეთში სევილიას უკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები