Thumbnail

ავარიული დაჯდომა ფრინველების გამო - იუტა კატასტროფას გადაურჩა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუტას თვითმფრინავს ფრინველთა გუნდი შეასკდა
  • პილოტი იძულებული გახდა, ავარიული დაჯდომა განეხორციელებინა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ლიდერი და მიმდინარე რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი იუტა ჯაზი ავიაკატასტროფას გადაურჩა.

გუნდი მემფისში ჩარტერული რეისით უნდა გაფრენილიყო, როცა აფრენის შემდეგ, თვითმფრინავს ავარიული დაჯდომის განხორციელება მოუხდა. მიზეზი ფრინველების გუნდია - გადაფრენისას ფრინველები თვითმფრინავს შეასკდნენ და მისი რეაქტიული ძრავა დააზიანეს. აგრეგატს ცეცხლი გაუჩნდა და მწყობრიდან გამოვიდა.

იუტამ ოფიციალურადაც დაადასტურა, რომ აფრენიდან რამდენიმე წუთში მათი თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, როგორ გამოიყურება თვითმფრინავი და მისი ძრავა ავარიული დაჯდომის შემდეგ.

“მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი ავარიულად დაესვა,” - ვკითხულობთ ავიაკომპანია Delta-ს განცხადებაში.

ტვიტერზე დონოვამ მიტჩელმა ლოცვის ემოჯი გამოაქვეყნა. რამდენიმე საათის შემდეგ, იუტას გუნდი სოლტ ლეიკ სიტიდან მემფისისკენ უსაფრთხოდ გაფრინდა. 46 მატჩის შემდეგ, 35 გამარჯვებით და 11 მარცხით იუტა ჯაზი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ჯაზი მემფისს 1 აპრილს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები