Thumbnail
  • დღეს გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება
  • ზაფხულისთვის ბუნდესგუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება
  • ოლივერ ბირჰოფი რალფ რანგნიკთან შეხვედრას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის (ოთხშაბათს) შემდეგ, გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი ბუნდესგუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესს აქტიურად გააგრძელებს. ‘კიკერის’ ინფორმაციით, ბუნდესგუნდებისა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის (DFB) აკადემიების დირექტორი აღდგომის შემდეგ რალფ რანგნიკთან შეხვედრას გეგმავს. ‘პროფესორი რალფი’ ახლა მალიორკაზეა და გერმანიაში უახლოეს დღეებში უნდა დაბრუნდეს.

როგორც იცით, გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი თანამდებობას დატოვებს. გერმანელები მანამდე მოცდას არ აპირებენ და სურთ, რომ ახალი მწვრთნელი ზაფხულამდე დაითანხმონ. ბირჰოფმა უკვე წარუდგინა საკუთარი ხედვები DFB-ს ხელმძღვანელებს. პრეზიდიუმი შეთანხმდა, რომ რანგნიკთან მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია. 62 წლის რალფს გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელისა და საფეხბურთო ფუნქციონერის სახელი აქვს - ჰოფენჰაიმისა და ლაიპციგის პროგრესი მის სახელთან ასოცირდება, მანამდე კი გელზენკირხენის შალკეში ჰქონდა წარმატებული პერიოდი. რაც მთავარია, რანგნიკი თავისუფალია და გერმანიის ნაკრების ჩაბარება შეუძლია. ‘კიკერი’ წერს, რომ რალფი ბუნდესგუნდის გაწვრთნით დაინტერესებულია, რის გამოც ახლახან შალკეს ხელმძღვანელებს გელზენკირხენულ კლუბში დაბრუნებაზე უარი უთხრა.

კლოპს ჯერ არ უნდა, ფლიკი ადრეა

ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ რანგნიკთან ერთად, ბირჰოფი შეხვედრებს სხვა კანდიდატებთანაც გამართავს - კონკრეტულად, შტეფან კუნტცთან და მარკუს ზორგთან. კუნტცი ახლა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელია, რომელიც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობს. ზორგი კი ლიოვის ასისტენტია.

ლიოვი თანამდებობას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

გერმანელებს ლიოვის ნაცვლად ყველაზე მეტად იურგენ კლოპის დანიშვნა სურდათ, მაგრამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ლივერპულთან კონტრაქტი აქვს და მერსისაიდული გრანდიდან ნაადრევად გაქცევას არ აპირებს. საუბრობდნენ ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის კანდიდატურაზეც, თუმცა DFB-დან მასთან არავის უსაუბრია. საქმე ისაა, რომ ფლიკს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და თუ თვითონ ბავარიული გრანდი არ გამოთქვამს სურვილს, ბირჰოფს მასთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება არ აქვს.

თავად იოახიმ ლიოვმა სამშაბათს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ დისკუსიაში ჩართვა არ სურს. 

კომენტარები

ბოლო ამბები