Thumbnail

ბასილაშვილი თიხის სეზონს იწყებს - ნიკა კალიარის ტურნირზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Sardegna Open იტალიაში 5-11 აპრილსაა დაგეგმილი
  • ქართველ ჩოგბურთელს, სავარაუდოდ, მე-4 განთესვა ექნება

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზე იმყოფება, იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირში (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) ითამაშებს.

სარდინიაში დაგეგმილ შეჯიბრში მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ ვიხილავთ, ამდენად, წარმატებული ასპარეზობის შემთხვვევაში, ქართველმა ჩოგბურთელმა იქნებ მორიგი ტიტულისთვისაც კი გაიბრძოლოს. სათქმელია ისიც, რომ ნიკა თიხის კორტებზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს.

წინასწარი ინფორმაციით, ბასილაშვილი იტალიურ ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება, მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს (დიდი ბრიტანეთი), ტეილორ ფრიცსა (აშშ) და ლორენცო სონეგოს (იტალია) გააჩნიათ. სხვა მონაწილეთაგან იან ლენარდ-შტრუფი (გერმანია), ჯონ მილმანი (ავსტრალია), ჟერემი შარდი (საფრანგეთი), ჟილ სიმონი (საფრანგეთი) და ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი) უნდა გამოვარჩიოთ.

საინტერესოა, რომ Sardegna Open პირველად ტარდება და მას მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. ის ATP-ს რანგის მე-4 ტურნირია, რომელიც იტალიაში ჩატარდება. წლეულს ასევე დაგეგმილია რომაული შეჯიბრებები - Internazionali BNL d'Italia მაისში, ATP Masters 1000 და ATP Nitto-ს ფინალი კი - ნოემბერში.

კომენტარები

ბოლო ამბები