Thumbnail
  • გიორგი შერმადინი თვის MVP ამ სეზონში მესამედ გახდა
  • თად მაკფადენს კარიერაში პირველად ერგო ეს ტიტული

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ტად მაკფადენი ესპანეთის ლიგა ენდესას მარტის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ (MVP). ორივეს გასულ თვეში მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი და იდენტური ჰქონდათ, ამიტომაც, ტიტული გაიყვეს.

ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა მართში საშუალოდ 17.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა მარგი ქმედების 25.5 საშუალო კოეფიციენტით. გიორგისთვის საუკეთესო თამაში ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა ვალენსიასთან, რომელშიც მან 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა (32 მარგი ქმედების კოეიფიციენტი). შერმადინმა ლიგა ენდესას თვის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მოიპოვა (ოქტომბერი და იანვარი მანამდე).

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა კი, რომელიც ბურგოსის ღირსებას იცავს, მარტში საშუალოდ 23 ქულა, 1 მოხსნა, 5.5 პასი მიითვალა და მასაც საშუალოდ 25.5 მარგი ქმედების კოეფიციენტი დაუგროვდა. თადუსმა გამორჩეულად მალაგას უნიკახასთან ითამაშა და 28 წუთში 26 ქულას 9 პასიც დაამატა. ის ლიგა ენდესას თვის MVP კარიერაში პირველად გახდა.

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 24:25 წუთში 17.4 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.1 პასს, 0.6 დაფარებასა და 1 ჩაჭრას აგროვებს (23.6 მარგი ქმედების კოეფიციენტი). თად მაკფადენის ანგარიშზე საშუალოდ 21:46 წუთში 14.3 ქულა, 1.5 მოხსნა, 2.4 პასი, 0.1 დაფარება და 1 ჩაჭრაა (12.2 მარგი ქმედების კოეფიციენტი).

კომენტარები

ბოლო ამბები