Thumbnail
  • ქართველ ლეგიონერებს სტატია ბერძნულმა Contra-მ მიუძღვნა
  • საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 31 მარტს სალონიკში ჩატარდება

ბერძნული Contra საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩისთვის თავისებურად მოემზადა და ის ქართველი ფეხბურთელები ჩამოწერა, რომელთაც საბერძნეთის ჩემპიონატში უთამაშიათ. აღნიშნული ვებ-გვერდის აზრით, ქართველთაგან თემურ ქეცბაია უკონკურენტოდ გახლდათ, მის გარდა კი, კიდევ 10 ფეხბურთელი იქნა შერჩეული.

გიორგი რეხვიაშვილმა ლევადიაკოსში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა

გიორგი რეხვიაშვილი

ცენტრალური მცველი, რომელმაც 2019 წლის იანვარში ლევადიაკოსთან 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა, მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და კლუბი დატოვა.

ლაშა შერგელაშვილი

ქართველმა მარცხენა მცველმა 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის მარტამდე იანინას მაისური 12 შეხვედრაში მოირგო.

ნიკა ნინუა

21 წლის ნახევარმცველს არაერთი ევროპული კლუბი აკვირდებოდა, თუმცა, ყველას პაოკ-მა აჯობა და ქართველი ფეხბურთელი მომავალზე გათვლით აიყვანა. ჯერჯერობით, ის ცოტას თამაშობს და სიტუაცია გუნდში პაბლო გარსიას მისვლის შემდეგაც არ შეიცვალა. ნინუამ 11 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და ასეთი შეზღუდული დროისთვის, ეს, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. პანეტოლიკოსთან მატჩში გატანილი ჯარიმა ნინუას ყველაზე კარგი მომენტია: მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო.

ნიკა ნინუას პაოკ-ში იშვიათად ათამაშებენ

ლევან ცქიტიშვილი

ევალდ ლინენის პანიონიოსში მარცხენა ნახევარმცველმა დიდხანს ვერ გაძლო. 30 წლის ფეხბურთელს გერმანულ ფრაიბურგსა და ვოლფსბურგში დიდი დრო ჰქონდა გატარებული, თუმცა, საბერძნეთში წარმატებული კარიერა ნამდვილად არ ჰქონია. მხოლოდ 21 მატჩი და 2 გოლი ეგალეოსთანა და იონიკოსთან.

დავით კვირკველია

როდესაც 2012 წლის იანვარში პანიონიოსს ტოვებდა, მან განაცხადა: “თავიდანვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ კლუბში წლები მქონდა გატარებული”. არადა, დათოს იქ 1 წელიც კი არ უთამაშია: დებიუტი 2011 წლის თებერვალში ჰქონდა, მომდევნო წლის იანვარში კი გუნდი დატოვა. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პანათინაიკოსთან პენალტების სერიაში მოგებული სათასო მატჩი იყო.

გიორგი მერებაშვილი

ფლანგელმა ნახევარმცველმა კარიერა პოლონეთში გააგრძელა, მანამდე კი, სამ ბერძნულ გუნდში ითამაშა: ოფი-ს (2014-15) ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობა, ხოლო მოგვიანებით ვერიასა და ლევადიაკოსის ღირსებას იცავდა. სულ მან 46 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტად კი თავი სისწრაფითა და მუდმივი მოძრაობით დაგვამახსოვრა.

გიორგი მერებაშვილმა სამ ბერძნულ კლუბში თამაში მოასწრო

ბაჩანა არაბული

ამ ფორვარდის ბერძნული კარიერა 2019 წელს პანიონიოსში დაიწყო, სადაც 30 მატჩში 6 გოლი ჰქონდა და დაახლოებით იგივე გრაფიკს მიუყვება ლამიაშიც – 21 შეხვედრაში 4 გოლი. არაბული საკმაოდ მოქნილია და შეიძლება ითქვას, რომ მცველებს მასთან გამკლავება უჭირთ.

გიორგი ლორია

ის დღესაც საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარეა. 2014-15 წლებში ოფი-ს ღირსებას იცავდა, თუმცა, გუნდი ლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. გიორგი დამატება პაოკ-სა და ოლიმპიაკოსს სურდათ. საბოლოოდ, 2-წლიანი კონტრაქტი “თეთრ-წითლებთან” გაფორმდა, თუმცა, ის ისე შეწყდა, გოლკიპერს არც უთამაშია. ლორია ოლიმპიაკოსში რობერტოს შემცვლელად მივიდა, ხოლოდ როდესაც პირეოსელებმა კაპინოც აიყვანეს, ცხადი გახდა, რომ ქართველს იქ აღარაფერი ესაქმებოდა.

ლევან მაღრაძე

საიმედო მარჯვენა ნახევარმცველი, რომელიც ქსანთიში 2004-07 წლებში ირიცხებოდა და სათამაშო დრო ნებისმიერი მწვრთნელის ხელში ჰქონდა. მას სამნიშნა რიცხვამდე ცოტა დააკლდა (98 მატჩი ჩაატარა) და 2 გოლი გაიტანა, ქსანთიმ კი ევროპულ ტურნირებზე ზედიზედ ორ სეზონში ითამაშა. მაღრაძემ 2005 წელს არისთან პირველ ნახევარფინალურ მატჩში გაიტანა, თუმცა, მისმა გუნდმა ფინალში მაინც ვერ ითამაშა.

ლევან ქებაძემ ირაკლისის მაისურით 70 მატჩი ჩაატარა

ლევან ქებაძე

საბერძნეთში მისი კარიერა ძირითადად ირაკლისთან იყო დაკავშირებული, თუმცა, იანინაშიც ითამაშა, საიდანაც სასამართლო დავის შემდეგ წავიდა. საერთო ჯამში, 70 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მათ შორის, აეკ-თან, პანათინაიკოსთან და ოლიმპიაკოსთან მატჩებში.

თემურ ქეცბაია

1994 წლის ზაფხულში დუშან ბაევიჩმა 26 წლის ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატიდან წამოიყვანა. ის აეკ-ის მაისურით პირველივე მატჩში დაშავდა და 2 თვე უქმად იყო, შემდეგ კი, ძირითადად შეცვლაზე ჩნდებოდა. გადამწყვეტი დოქსასთან თამაში გამოდგა, რომელშიც თემურმა 90 წუთი გაატარა და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელად ფიგურად იქცა. საბერძნეთში გატარებულ სამ სეზონში მან 125 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ინგლისური პრემიერლიგის კლუბების ყურადღებაც დაიმსახურა (ნიუკასლსა და ვულვზში ითამაშა). მოგვიანებით, ქეცბაია მწვრთნელი გახდა, თუმცა, საბერძნეთში ამ მიმართულებით ფეხი ვერ მოიკიდა. ოლიმპიაკოსიდან 7 მატჩის შემდეგ დაითხოვეს, აეკ-ი კი 6 თამაშის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით დაუპირისპირდებიან. თამაში 31 მარტს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სალონიკი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში ორივე მატჩი წაგებული აქვს (0:1 შვედეთთან, 1:2 ესპანეთთან), საბერძნეთმა კი ესპანეთთან სტუმრად ქულის აღება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები