Thumbnail

21 წლის სანდრო მამუკელაშვილისთვის NCAA-ის სეზონი დასრულებულია. ის სეტონ ჰოლს გამოეთხოვა, თუმცა კოლეჯში აპრილის შუა რიცხვებამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი NBA-ის დრაფტისთვის აგენტს აიყვანს და შეეცდება ეროვნული საკალათბურთოს ასოციაციის გუნდებს მოაწონოს თავი. ამერიკული გამოცემების უმეტესობა ვარაუდობს, რომ სანდროს დრაფტის მე-2 წრეში აიყვანენ. 

მართალია, სეტონ ჰოლმა "მარტის სიგიჟეში" ვერ ითამაშა, მაგრამ მამუკელაშვილისთვის ეს სეზონი საოცარი იყო, ის უკვე დაასახელეს "ბიგ ისტის" კონფერენციის წლის მოთამაშედ. სანდრო NCAA-ის All-America სამ ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ის საპატიო ჩამონათვალში დაასახელეს. 

სანდრო მამუკელაშვილი 2020/21 სეზონში
17.5 ქულა, 7.6 მოხსნა, 3.2 პასი

მამუკელაშვილისთვის ამ სეზონის ინდივიდუალური პრიზები ჯერ არ დასრულებულა. mycentraljersey.com მიიჩნევს, რომ ის 2021 წლის ჰაგერტის პრიზის უპირველესი კანდიდატია. ამ პრიზს 1936 წლიდან გადასცემენ ნიუ იორკის მეტროპოლიის წლის საუკეთესო კალათბურთელს. გამარჯვებული აპრილის შუაში გამოცხადდება, თუმცა საიტის ვარაუდით, ის მამუკელაშვილია.

"მამუ კონფერენციის წლის მოთამაშე გახდა, ის AP-ის საპატიო გუნდშიც შეიყვანეს. მწვრთნელებმა და მედიამ კარგად დაინახეს, თუ რამდენს ნიშნავდა ის სეტონ ჰოლისთვის და თუ როგორ უწევდა მთელი სეზონი ერთდროულად ორ ვიზავისთან გამკლავება", - წერს mycentraljersey.com. 

სანდროს მთავარი კონკურენტები არიან ჯულიან შემპეინი (სტ. ჯონსი) და მაილს ჯონსონი (რატჯერსი). მამუკელაშვილი მეტროპოლიის პირველ სიმბოლურ ხუთეულშიც, რა თქმა უნდა, მოხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები