Thumbnail
  • ამერიკელი მცველი რუსული გრანდიდან მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაითხოვეს
  • ადრე იწერებოდა, რომ მას უთანხმოება საქართველოს ნაკრების კაპიტანთანაც მოუვიდა

მოსკოვის ცსკა, რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იცავს, ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა. რუსულმა გრანდმა კიდევ ერთხელ დასაჯა 30 წლის ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი პრობლემება აქვს.

“ჩვენი გუნდის მცველი მაიკ ჯეიმსი ცსკა-ს მომდევნო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა მიიღო”, - ნათქვამია რუსული კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაიკს ბერძენ სპეციალისტთან მორიგი უთანხმოება VTB-ლიგის გასულ ტურში მოუვიდა, როდესაც უნიკსთან მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მწვრთნელს შეეპასუხა და ტაიმ-აუტის შემდეგ გასახდელს მიაშურა. მაშინ ცსკა-ს პრეს-სამსახურმა მომხდარი იმით ახსნა, რომ ამერიკელ ლეგიონერს “მუცელი აწუხებდა და ტემპერატურა ჰქონდა”. თავად იტუდისმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი ცსკა-ს უკვე ჰყავდა დასჯილი მიმდინარე წლის იანვარში. მაშინ ის გამზრდელი ბაბუის პანაშვიდზე წასვლას ითხოვდა, თუმცა, კლუბმა აშშ-ში არ გაუშვა და ისიც ძალიან განაწყენდა. იმ პერიოდში ისიც კი დაიწერა, რომ ამერიკელ ლეგიონერს უთანხმოება შენგელიასთანაც მოუვიდა, თუმცა, ეს ინფორმაცია ორივე მხარემ მალევე უარყო.

მოსალოდნელია, რომ ჯეიმსის არყოფნაში ცსკა-ს ძალიან გაუჭირდება, რადგანაც მას მიმდინარე სეზონში ძალიან შედეგიანი მატჩები ჰქონდა. მაიკმა ევროლიგაში 27 თამაშის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 31:10 წუთში 19.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 5.7 პასი და 1.0 ჩაჭრა ჰქონდა.

აქვე ვთქვათ, რომ ცსკა-ს ევროლიგაში 20 მოგებითა და 10 მარცხით მე-2 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი ხვალ, 30 მარტს რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ზენიტთან ჩაატარებს. შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.  

კომენტარები

ბოლო ამბები