Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 4 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში წინსვლა მაინც ვერ მოახერხა.

საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნებმა” ოთხივე ძირითად კონკურენტს (პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, რუმინეთი) აჯობეს და თანაც, პირველს სამს – სტუმრად, თუმცა, კლასიფიკაციაში ისევ მე-12 ადგილზე რჩებიან.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი

შედარებისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე, ქართველ მორაგბეებს აქტივში 72.18 ქულა ჰქონდათ, ოთხმა წარმატებულმა თამაშმა კი მათ მხოლოდ 1.55 ქულა დაუმატა და 73.73 ქულამდე ავიდნენ. საქართველოს ნაკრების წინ კვლავ ფიჯია 76.87 ქულით, შემდეგ კი, ოკეანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ტონგა (71.44) მოდის.

აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაში რეიტინგული კუთხითაც უინტერესო ხდება და გუნდი აშკარად იმსახურებს რაიმე ხერხით 6 ერის ტურნირში ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე რანგით მე-2 ევროპულ ტურნირზე კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა, რომელშიც პორტუგალიამ ესპანეთს 43:28 სძლია. შედეგად, “ლობუშმა” 24-ედან 21-ე ადგილზე გადაინაცვლა და უკან ჰონგ კონგი, კანადა და ნამიბია მოიტოვა. ახლა, ოთხივე ნაკრები, რომლებიც “ბორჯღალოსნებმა” დაამარცხეს, კლასიფიკაციაში ერთმანეთის მიყოლებით არიან განლაგებულნი: 18. რუმინეთი – 66.22 ქულა; 19. ესპანეთი – 64.82; 20. რუსეთი – 62.71; 21. პორტუგალია – 62.10; 

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ რეიტინგში სერიოზული ცვლილებები 6 ერის დასკვნითმა შეხვედრამ გამოიწვია, რომელმაც შეჯიბრის გამარჯვებული გამოავლინა. შოტლანდიის ნაკრებმა პარიზში საფრანგეთს 27:23 სძლია და ამით პირველი ადგილი უელსელებს გაუნაღდა. ამ წარუმატებლობის გამო, საფრანგეთის ნაკრებმა ერთბაშად 1.9 ქულა და 2 პოზიცია დაკარგა და მე-5 ადგილზე აღმოჩნდა, წინ კი, ინგლისი და ირლანდია გაუშვა. თავის მხრივ, შოტლანდიის ნაკრებმა მე-8 საფეხურიდან არგენტინელები ჩამოაქვეითა.

კომენტარები

ბოლო ამბები