Thumbnail
  • U21 | საქართველო 4:1 ბელარუსი
  • რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. როგორც იცით, საქართველო ამ ტურნირს უმასპინძლებს და გუნდი შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია. ამიტომაც, ორწლიან ციკლში ახალგაზრდული ნაკრები მხოლოდ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა გორში ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და 3-ბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხა. ანგარიში ძალიან სწრაფად გაიხსნა: მე-5 წუთზე გიორგი გულიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ეფექტური გოლი გამოუვიდა. თუმცა ბელარუსებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს: მე-13 წუთზე სუპრანოვიჩმა ძლიერად დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე მეგრელიშვილი ბურთს შეეხო, გუნდი გოლისგან ვერ გადაარჩინა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს თითო სახიფათო შეტევა ჰქონდა, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

მე-2 ტაიმში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. 53-ე წუთზე იაკობიძემ თავით დაარტყა, ბურთი მიროშნიკაუს მოხვდა და ავტოგოლიც ბელარუსს მცველს ჩაეწერა. 7 წუთში კი გულიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა: საბურთალოს შემტევმა ისევ შორიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - იმის მიუხედავად, რომ რიკოშეტიც დაეხმარა. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე დაფიქსირდა. შოთა შეყილაძემ მეტოქე მცველების უყურადღებობით კარგად ისარგებლა, ბურთი "მოიპარა", მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაგვირგვინება იოლად მოახერხა - 4:1. უნდა აღინიშნოს, რომ გოლების გარდა, სვანაძის გუნდს მე-2 ტაიმში საგოლე მომენტებიც ჰქონდა და შეიძლებოდა, უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მომდევნო ამხანაგური მატჩი 7 სექტემბერს, რუმინეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან აქვს დაგეგმილი.

U21: საქართველო 4:1 ბელარუსი

გოლები: 1:0 გულიაშვილი (5), 1:1 სუპრანოვიჩი (13), 2:1 მიროშნიკაუ (53, საკ-კარში), 3:1 გულიაშვილი (60), 4:1 შეყილაძე (84)

საქართველო: მეგრელიშვილი,  ხვადაგიანი (80. მჭედლიშვილი), გიგაშვილი (46. ნონიკაშვილი), კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, დარცმელია (62. შეყილაძე), მექვაბიშვილი, ხარაიშვილი (79. შარვაშიძე), გულიაშვილი (85. მესიაჩენკო), მოისწრაფიშვილი, იაკობიძე (62. გაგნიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები