Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გამოცდილი შიმონ მარცინიაკი იქნება, რომელსაც პაველ სოკოლნიცკი და მარჩინ ბონიეკი დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას პაველ ჟილი შეასრულებს.

40 წლის მარცინიაკი ძალიან გამოცდილი ფიფას კატეგორიის არბიტრია, რომელიც თავისი ხისტი სტილით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ბოლო 10 მატჩში მან 42 ყვითელი და 4 წითელი ბარათი გამოიყენა. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ორ თამაშში კი (13 მარტს, არკა-გურნიკი და 20 მარტს ლეხი-იაგელონია) 11 ფეხბურთელი გააფრთხილა და 2 გააძევა.

პოლონელ არბიტრს ბარათების გამოყენება ახასიათებს

პოლონელი ევროთასებზე 2012 წლიდან მსაჯობს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ლაიპციგი - პარი სენ-ჟერმენის შეხვედრაზე იმუშავა. მას სანაკრებო დონეზეც დიდი გამოცდილება გააჩნია, თუმცა, საქართველოს ნაკრების თამაშზე პირველად იქნება წარმოდგენილი, ხოლო საბერძნეთის ნაკრების შეხვედრა 2017 წელს ბელგიასთან განსაჯა და ბერძნებმა 1:2 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ციკლის B ჯგუფში საქართველომ ორივე მატჩში მარცხი განიცადა, ბერძნებმა ესპანეთთან 1:1 ითამაშეს, გუშინ კი ამხანაგურ მატჩში ჰონდურასს 2:1 აჯობეს. საბერძნეთი - საქართველო 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები