Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ანდორასთან დუბლი შეასრულა
  • ბაიერნის გოლეადორი დაშავდა და შეცვალეს
  • პოლონელი თავდამსხმელის პირველი დიაგნოზი

მიუნხენის ბაიერნისთვის ეს ცუდი ამბავია!

პოლონეთისა და ანდორის ნაკრები გუნდების მატჩში, რომელიც ფავორიტმა 3:0 მოიგო, ბავარიული გრანდის გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი დაშავდა. პოლონელი 63-ე წუთზე შეცვალეს. ორშაბათს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ პირველი დიაგნოზი ცნობილი გახდა - ლევანდოვსკის ტრავმა სერიოზულია და შესაძლოა, მან პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩიც გამოტოვოს.

ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრები დატოვა და მიუნხენში ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათს, ინგლისთან უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოტოვებს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლევანდოვსკიმ მინიმუმ 1 კვირა უნდა დაისვენოს - ანუ, პსჟ-სთან 7 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ლევანდოვსკიმ ანდორასთან დუბლი შეასრულა

“როცა ლევანდოვსკი შეცვალეს და მუხლზე ყინულები დაადეს, კინაღამ გული გამიჩერდა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია,” - ამბობდა შაბათს ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც ახლა ტელეკომპანია RTL-ის ექსპერტია. 

რობერტ ლევანდოვსკი კარიერის პიკში და საუკეთესო ფორმაშია. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მას 25 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი და გერდ მიულერის სუპერრეკორდს (40 გოლი ერთ სეზონში) უმიზნებს. გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ბაიერნი ლაიპციგს ხვდება და პოლონელი ამ თამაშს გამოტოვებს. მერე კი პსჟ-სთან მატჩია...

კომენტარები

ბოლო ამბები