Thumbnail

რუმინეთის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა თბილისში საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა და მეტოქის სიძლიერე აღიარა. შეგახსენებთ, რომ გუშინ “ბორჯღალოსნებმა” “მუხის ფოთლებს” 28:17 სძლიეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მე-20 წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლულნი თამაშობდნენ. ინგლისელი სპეციალისტის აზრით, რუმინეთმა საქართველოს ნაკრების მიერ შეთავაზებულ მაღალ ტემპს ვერ გაუძლო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. 

“გულდაწყვეტილები და იმედგაცრუებულები ვართ. თბილისში ქულის აღება მაინც გვინდოდა და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ეფექტურად ვითამაშეთ, თუმცა, ბოლომდე ასე ვერ გავძელით. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ქართველმა მორაგბემ წითელი ბარათი სამართლიანად მიიღო, თუმცა, ცუდი ის იყო, რომ იმავე ეპიზოდში ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეც დავკარგეთ. საქართველოს ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებდი. მეტოქე საკმაოდ ეფექტურად გვიტევდა. მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და “შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, ქართველ მორაგბეებს, განსაკუთრებით შეტევაში, საკმაოდ მომატებული აქვთ. თვალში საცემი იყო მაღალი ტემპი და მრავალფაზიანი იერიშები. ცალკე უნდა გამოვყო 9 ნომრის თამაში, რომელიც ნაკრების შეტევებს ძალიან კარგად წარმართავდა. ის საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე ძალიან უნარიანი მორაგბეა“.

ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილმა “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმეს, 18 ქულა მოაგროვეს და უკვე ცხადია, რომ შეჯიბრს პირველ ადგილზე დაასრულებენ (საქართველოს დაქვეითების მხოლოდ ფანტასტიკური შანსები არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც არ ღირს). ქართველ მორაგბეებს ტურნირზე კიდევ ერთი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი და იქაც უდავო ფავორიტები იქნებიან. დასკვნითი თამაში 26 ან 27 ივნისს ჩატარდება, მეტოქე კი ბელგია ან ნიდერლანდები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები