Thumbnail
  • საქართველო 1:2 ესპანეთი
  • მომავალ ზაფხულს რუბინის ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა სულაც არ იქნება
  •  რუსტემ საიმანოვმა არცკი იცის, გაზარდა თუ არა ხვიჩას ფასი ესპანეთთან გოლმა

ხვიჩა კვარაცხელიას ამ ზაფხულს ტრანსფერს ევროპულ კლუბში ყველა ელოდება, ყაზანის რუბინის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი კი აცხადებს, რომ 20 წლის ქართველი ტალანტის გაყიდვა მისი ამოცანი სულაც არ არის. 

რუსული სპორტული მედია საიმანოვს საქართველო-ესპანეთის მატჩის (1:2) შემდეგ დაუკავშირდა, რომელშიც კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა. ხვიჩამ უნაი სიმონის კარში გატანილი ეფექტური გოლით თავისი სატრანსფერო ფასი, რომელიც ამ დროისთვის Transfermartk-ზე 10 მილიონი ევროთი განისაზღვრება, კიდევ უფრო გაზარდა. 

"გაიზარდა თუ არა მისი ფასი ამის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სატრანსფერო ფასზე თვალი არ მიჭირავს. ჩემთვის ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრებული მოთამაშეა და ძალიან მახარებს მისი წარმატება. მომწონს ის, თუ როგორ ვითარდება მისი კარიერა. 

და რისთვის უნდა გაიზარდოს ფასი? ჩემი ამოცანა ხომ არ არის მისი გაყიდვა?! ჩემი ამოცანა მისი რუბინში დატოვება და მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნებაა", - უთხრა საიმანოვმა "სპორტ ექსპრესს"

📺 ხვიჩას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 20 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. 

20 წლის შემტევ ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში უკვე 2-2 გოლი და საგოლე პასი აქვს. სხვადასხვა წყაროები ხვიჩას მომავალს იტალიაში იუვენტუსისა და მილანის, გერმანიაში დორტმუნდის ბორუსიას, ხოლო ესპანეთში სევილიას უკავშირებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები