- მანჩესტერ სიტიმ ჰადერსფილდს ქულა “აჩუქა”
- გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის თასი ჩაიბარა
- სიტის გულშემატკივრები სერ ალექს ფერგიუსონს გამოჯანმრთელებას უსურვებენ
ჰადერსფილდ თაუნმა, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი დავიდ ვაგნერი წვრთნის, ყველასათვის მოულოდნელად, ინგლისის ჩემპიონთან გასვლით შეხვედრაში ფრეს მიაღწია და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დაუგეგმავი ქულა აიღო.
მანჩესტერ სიტისთან მოპოვებული უმნიშვნელოვანესი ქულის შემდეგ, ჰადერსფილდი გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს, თუმცა დარჩენილ ორ ტურში ჩელსისთან (9 მაისს) და არსენალთან (13 მაისს) მოუწევს ბრძოლა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჰადერსფილდს მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლის გატანა და სტისი სტუმრად დამარცხებაც კი შეეძლო.
► მადლობა ვის? ჟირუს! ჩელსი ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს
სიტი ინგლისის ჩემპიონია, მაგრამ მოტივაცია არ აკლდა: გამარჯვების შემთხვევაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 96 ქულა უხდებოდა და ლონდონის ჩელსის რეკორდს (95 ქულა, 2004/2005 წლების სეზონი) ამხობდა. ორი ბურთის გატანის შემთხვევაში კი, მანჩესტერელები ჩელსის მეორე რეკორდს (103 გოლი 2009/2010 წლების სეზონში) გააუმჯობესებდნენ. თუმცა გვარდიოლას გუნდს ამ რეკორდების დამხობა დარჩენილ ორ შეხვედრაშიც შეუძლია - სიტი მომდევნო ტურში ბრაიტონს შეხვდება, ბოლოს კი - საუთჰემპტონს.
მატჩის შემდეგ სიტის ფეხბურთელებმა პრემიერლიგის თასი ჩაიბარეს (ერთ მომენტში თასი უხერხულად დავარდა), მერე კი გვარდიოლა ხელში აიტაცეს და მოედანზე ასე დაატარებდნენ.
“ეს ჩემპიონობა განსაკუთრებული მოვლენაა. ეს პრემიერლიგაა, ინგლისია - აქ ტიტულის მოგება ყოველთვის ძალიან ძნელია, - ამბობდა მატჩის შემდეგ გვარდიოლა, - ყოფილა შემთხვევები, როცა ინგლისის ჩემპიონები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კი ვეღარ ხვდებოდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ მომდევნო სეზონი ძალიან რთული იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ გამოწვევაა - დიდი გამოწვევა.”
მოგვიანებით, სიტის ასობით ქომაგი მოედანზე გადავიდა - ფანები ზეიმობდნენ!
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებს მაისურებზე სერ ალექს ფერგიუსონისადმი მიძღვნილი წარწერები ჰქონდათ - სიტის ქომაგები იუნაიტედის ლეგენდარულ დამრიგებელს გამოჯანმრთელებას უსურვებენ. შეგახსენებთ, რომ შაბათს ფერგიუსონს ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
კომენტარები