Thumbnail

ვილი სანიოლის გუნდი ძალიან ახლოს იყოს სენსაციასთან!

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ორი მატჩის შემდეგ ეროვნულ გუნდს ქულა არ აქვს...

სანიოლმა შვედეთთან მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ოთარ კაკაბაძე (რომელმაც ბათუმელი ჩაბრაძე შეცვალა), ვაკო გვილია (კვეკვესკირის ნაცვლად), ოთარ კიტეიშვილი (აბურჯანიას მაგივრად) და ბუდუ ზივზივაძე (ქვილითაიას ნაცვლად). ესპანელთა რიგებში არ იყო კაპიტანი სერხიო რამოსი.

პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შეიქმნა, როცა ფერან ტორესის დარტყმული ლორიამ მოიგერია, კანკავამ კი ეპიზოდი განმუხტა. კვარაცხელია კონტრშეტევებზე სახიფათო იყო, მან ჯერ დიეგო ლორენტეს მიაღებინა ყვითელი ბარათი, შემდეგ - პოროს. მე-18 წუთზე მასპინძელთა პირველ კუთხურს კაშიას თავური და უნაი სიმონის მაგარი "სეივი" მოჰყვა. 

საქართველო 44-ე წუთზე დაწინაურდა! კაკაბაძის წამოწყებული კომბინაცია კიტეიშვილმა გააგრძელა და ხვიჩა კვარაცხელიამ უნაი სიმონის კარი დალაშქრა - 1:0. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში

მეორე ტაიმში ესპანეთმა მალევე, 56-ე წუთზე გაათანაბრა - მარცხნიდან ალბას ჩაწოდებულს ახლო მანძილიდან ფერან ტორესმა მიუსწრო - 1:1. ამ გოლის შემდეგ "ფურია როხას" უპირატესობა აშკარა გახდა, მასპინძლები მხოლოდ იგერიებდნენ. 

ესპანელებმა შტურმი წამოიწყეს და 87-ე წუთზე მცველების თავდადების წყალობით საქართველოს ნაკრები გოლს გადაურჩა. მატჩის მიწურულს მსაჯმა ვილი სანიოლი გააფრთხილა.

სამწუხაროდ, ეროვნულმა გუნდმა ანგარიში მაინც ვერ შეინარჩუნა: 93-ე წუთზე დანი ოლმოს დარტყმული წინ გამოსულმა ლორიამ ვერ მოიგერია და ესპანეთმა სამი ქულა მოიპოვა - 1:2.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთში 0:1 მარცხით გახსნა, რომელშიც ვილი სანიოლის დებიუტი შედგა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მომდევნო შეხვედრაში ნაკრები საბერძნეთს 31 მარტს, სტუმრად დაუპირისპირდება.

საქართველო 1:2 ესპანეთი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (44), 1:1 ფერან ტორესი (56), 1:2 ოლმო (93)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე (79. ჩაბრაძე), კაშია, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, გვილია - ლობჟანიძე (70. შენგელია), კიტეიშვილი (70. ბერიძე), კვარაცხელია (79. კვეკვესკირი) - ზივზივაძე (62. ქვილითაია)

ესპანეთი (4-1-4-1): სიმონი - პედრო პორო (65. მ. ლორენტე), ე. გარსია, დ. ლორენტე (46. ი. მარტინესი), ალბა - ბუსკეტსი (73. ოიარზაბალი) - ფერან ტორესი, პედრი, ფაბიან რუისი (54. ტიაგო ალკანტარა), ბრაიან ხილი (46. ოლმო) - მორატა 

გაძევება: შენგელია (94)

 

კომენტარები

ბოლო ამბები