Thumbnail
  • გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი ბრწყინვალე იპონით მოიპოვა
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალური ორთაბრძოლა ბრაზილიელ გოლიათ რაფაელ სილვასთან ჩაატარა და “გოლდენ სქორში” იპონით სძლია. ზაალიშვილმა დილის სესია დიდებულად განვლო და ბელარუს ალიაკსანდრ ვახავიაკს, პოლონელ მაჩიეი სარნაცკისა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტ ქემალ ერდოღანს იგივე ჯაბა მუმლაძეს იპონებით აჯობა.

📺 ზაალიშვილი V სილვა

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საბა ინანეიშვილი, რომელიც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში იმავე მუმლაძეს გაეჯიბრა და იპონით სძლია. ინანეიშვილმა დილის სესიაში სენეგალელი მბაგნიკ ნდიაიე დააიპონა, რასაც ხსენებულ სილვასთან სუფთა წაგება მოჰყვა, რეპეშაჟში კი ავსტრიელი სტეფან ჰეიგი იპონითვე დაამარცხა.

📺 ინანეიშვილი V ერდოღანი

დღეს, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ილია სულამანიძემ დღე ჩინებულად განვლო და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო. გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაფერი ერთმა ვაზარიმ გადაწყვიტა, რომელიც კანადელმა შედი ელნაჰასმა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ სულამანიძემ დილის სესიაში 4 გამარჯვება იზეიმა: ქართველმა ძიუდოისტმა გზიდან ესტონელი ოტო იმალა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა, რუსი ნიიაზ ბილალოვი და ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა, თანაც სამ შემთხვევაში იპონი დააფიქსირა.

📺 სულამანიძე V ელნაჰასი

ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები