Thumbnail

20:00-ზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდების მატჩი დაიწყება. ეროვნული გუნდისთვის ეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე თამაშია. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ტურში შვედეთთან, სტუმრად, 0:1 დამარცხდა.

გაირკვა ის ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც საქართველო თამაშს დაიწყებს. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩთან შედარებით, ძირითადი შემადგენლობა 4 პოზიციაზე შეცვალა. ჩაბრაძის, კვეკვესკირის, აბურჯანიას და ქვილიათაიას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ კაკაბაძე, გვილია, კიტეიშვილი და ზივზივაძე. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ძირითადში არ არის სერხიო რამოსი.

დაცვის ცენტრში გურამ კაშიასთან ერთად ლაშა დვალი ითამაშებს. კაშიასთვის ეს ეროვნულ გუნდში 83-ე თამაშია და ამ მაჩვენებლით მან კახა კალაძეს გადაასწრო.

საქართველო V ესპანეთი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, გვილია - ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია - ზივზივაძე.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კობახიძე, აბურჯანია, ქვილითაია, ჩაბრაძე, გრიგალავა, ბერიძე, კვეკვესკირი, შენგელია, ჯიღაური, პარუნაშვილი

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ალბა - პედრი, ბუსკეტსი, ფაბიან რუისი - ფერან ტორესი, მორატა, ბრაიან ხილი.

სათადარიგოები: დე ხეა, სანჩესი, ინიგო მარტინესი, კანალესი, კოკე, ტიაგო ალკანტარა, გაია, სერხიო რამოსი, დანი ოლმო, როდრი, ოიარსაბალი

საქართველოს ნაკრებს მუნდიალის მატჩებში 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, როცა ბელარუსი 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში 18 მატჩი ითამაშა მოუგებლად. საქართველოს ნაკრების ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

საქართველოს ნაკრები "როხას" სამჯერ შეხვდა და ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული! ეს იყო ამხანაგურ მატჩში, როცა 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მადრიდში დაამარცხა ესპანეთი - 1:0. ოფიციალურ შეხვედრებში ორჯერვე დავმარცხდით (0:1, 0:2), თუმცა მეტოქეს აქაც დიდი ბრძოლები გადახდა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდისთვის საქართველო საკმაოდ უხერხული მეტოქეა.

ვილი სანიოლისთვის ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე მატჩია
📸 | Nakrebi.ge

2022 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. შვედეთის გარდა, ეროვნული გუნდის მეტოქეები ესპანეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრები გუნდები არიან. დღესვე, შვედეთის ნაკრები კოსოვოს სტუმრად ეთამაშება, საბერძნეთის ნაკრები კი ისვენებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველო შვედეთში 0:1 დამარცხდა, ხოლო ესპანეთმა კი შინ საბერძნეთს ვერ მოუგო (1:1). მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 31 მარტს, სტუმრად, საბერძნეთთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები