Thumbnail
  • ილია სულამანიძე (100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) ფინალში გავიდნენ
  • საბა ინანეიშვილი (100კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს 3 მედლის მოგების შანსი აქვს. სამწუხაროდ, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

გიორგი პაპუნაშვილს (90კგ) ისრაელის წარმომადგენელმა ლი კოხმანმა სამი შიდოს უპირატესობით მოუგო, ხოლო გიორგი ქურდიანმა ერთი ეტაპია გაიარა და მეორე რაუნდში უნგრელ პეტერ საფრანისთან დამარცხდა.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გიორგი ბერიაშვილმა ერთი ბრძოლა მოიგო და მესამე რაუნდში ესტონელ გრიგორი მინასკითან დამარცხდა, ხოლო გიორგი ჩიქოვანმა ბულგარელ დანიელ დიჩევთან პირველივე ბრძოლაში წააგო.

ონისე სანებლიძე უმედლოდ დარჩა

ონისე სანებლიძე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა, თუმცა მას რუსმა ნიაზ ბილალოვმა აჯობა. ამ წონაში უმედლოდ მაინც არ დავრჩით. ილია სულამანიძე ფინალში იჭიდავებს. მან ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა: ესტონელ ოტო იმალას, პორტუგალია ხორხე ფონსეკას, რუს ნიაზ ბილალოვსა და ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს. ილიას მეტოქე ფინალში კანადელი შადი ელნასი იქნება.

ილია სულამანიძე VS ხორხე ფონსეკა

სამწუხაროდ, ონისე ბუღაძემ მძიმე წონაში პირველივე ბრძოლა დათმო. მან ავსტრიელ შტეფან ჰეგისთან წააგო. ამ წონაში საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ქემალ ერდოღანს შეხვდება, რომელიც თურქეთის სახელით გამოდის და მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჯაბა მუმლაძეა.

გელა ზაალიშვილი ფინალშია! მან ფინალამდე სამივე ბრძოლა იპონით მოიგო. გელამ ჯერ ალექსანდრ ვახავიაკს 51 წამში აჯობა, პოლონელი მაციეი სარნაცკის  წუთსა და 51 წამში მოუგო, რის შემდეგაც ნახევარფინალში ქემალ ერდოღანს (ჯაბა მუმლაძე) წუთსა და 22 წამში ასევე იპონით სძლია. გელა ფინალში ბრაზილიელ გამოცდილ ძიუდოისტს, რაფაელ სილვას შეხვდება.

გელამ ფინალამდე სამივე ბრძოლა იპონით მოიგო

დღეს ტატამზე სოფიო სომხიშვილიც (+78კგ) გავიდა, რომელმაც პირველივე ბრძოლა ჩინელ მეტოქესთან დათმო. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ერთი ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს. ფინალური ბლოკი 17:00-საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები