Thumbnail
  • საქართველო 28:17 რუმინეთი
  • ზედიზედ მე-4 გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და ტურნირის კიდევ ერთხელ მოგება ფაქტობრივად გაინაღდა: მეტოქეებს ქართველების დაწევის მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ. “ბორჯღალოსნებმა” რუმინელ “მუხის ფოთლებთან” პრინციპულ შეხვედრაში 28:17 იმარჯვეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მე-20 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა. შედეგად, ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ტრადიციულად საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება, ისევ თბილისში დარჩა (უკვე მეთოთხმეტედ).

მატჩის სასტარტო წუთები ძალიან სანტერესო გამოდგა. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევას რუმინელთა ჯარიმა მოჰყვა, რის შემდეგაც თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ხუთმეტრიან ზოლში გადაიტანა და ამან შედეგი მალევე მოიტანა. სტუმრებმა თამაშის წესი ჯერ მოლში დაარღვიეს, შემდეგ კი, ზედიზედ 4-ჯერ (!) - შერკინებაში და პორტუგალიელ არბიტრ პაულუ დუარტეს საჯარიმო ლელოს დაფიქსირების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა – 7:0. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მუდმივი ჯარიმების გამო, ყვითელი ბარათი რუმინელთა პირველმა ნომერმა ალეკსანდრუ სავინმა მიიღო და მოწინააღმდეგე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. სინბინის პერიოდში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, რასაც მორიგი ჯარიმიდან აბჟანდაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში 10:0 გახდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრების მატჩს მაყურებელი დაესწრო

ამ დროს ყველაფერი “ბორჯღალოსნებისთვის” სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა, 20 წუთის თავზე მოხდა ეპიზოდი, რომელმაც თამაშის მიმდინარეობა ძირეულად შეცვალა. “მუხის ფოთლების” კონტრშეტევის შეჩერება შალვა მამუკაშვილმა სცადა, თუმცა, ეს ძალიან უხეშად გამოუვიდა და ფულბეკ იონელ მელინტეს კისერში ბოჭვის გამო წითელი ბარათი მიიღო. შედეგად, საქართველოს ნაკრები მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დარჩა. სამწუხაროდ, ინგლისელი სპეციალისტის ენდი რობინსონის მიერ გაწვრთნილმა რუმინეთმა ამით მყის ისარგებლა. ჯარიმა აუტში იქნა გადატანილი, მოლმა კი თავისი საქმე გააკეთა და ანდრეი გორჩოაიამ ლელო დადო, გარდასახვა კი დანიელ პლაიმ გაიტანა – 10:7.

ამ შემთხვევამ თამაში უფრო ნერვული გახადა. გახშირდა გაწევ-გამოწევა და ცხადი იყო, რომ მეტოქეები ძალიან სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რთული ვითარებისდა მიუხედავად, უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და ტაიმის ბოლომდე რამდენიმე მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა. რუმინელები წესებს კვლავაც ხშირად არღვევდნენ და ერთ ეპიზოდში რეფერის აშკარა ცინიკური ფოლის გამო, ყვითელი ბარათის ჩვენება მართებდა. ამ შემთხვევაში, აბჟანდაძეს ჯარიმაა გაუცუდდა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, თედომ კარგად დაარტყა და ტაიმი 13:7 დასრულდა.

მოედანზე ასეთი ორთაბრძოლები ძალიან ხშირი იყო

მე-2 ტაიმის სტარტზე შეცვლაზე შესულმა რუმინელთა ბომბარდირმა (კარიერაში 1000 ქულას სულ ახლახანს გადააბიჯა) ფლორინ ვლაიკუმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ამას კი ქართველების დიდებული იერიში მოჰყვა. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩავიდა, მერაბ შარიქაძემ გარღვევაზე ბექა საღინაძე შეუშვა, რომელმაც 3 მეტოქის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია, ბოლო წამს ოვალი ბექა გიგაშვილს გაატანა და მანაც ლელო დადო, აბჟანდაძემ კი ურთულესი გარდასახვა გაიტანა და ტაბლოზე 10-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.

რუმინეთი ამ ჩამორჩენამ არ გატეხა, ქართველი მორაგბეების შეცდომებიც გამოყენებულ იქნა და დერეფნიდან აგორებულ მოლს ეუჯენ კაპაცინას ლელო მოჰყვა. ვლაიკუ ამჯერადაც ზუსტი იყო და ანგარიში 20:17 გახდა. მალევე ხელსაყრელი პოზიციიდან ხმალაძემ ბურთის აუტში გადატანა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, იგივე შეძლო ტრავმირებული აბჟანდაძის ნაცვლად მინდორზე შესულმა გიორგი ბაბუნაშვილმა, რასაც ქართველთა მე-3 ლელო მოჰყვა. რუმინეთი კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, ჩინებულად მოთამაშე აფრასიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და მარჯვენა ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე მონახა, რომელმაც ბურთის ლელოს ხაზს მიღმა გადადება მოახერხა. ბაბუნაშვილს გარდასახვა აუცდა, ანგარიში 25:17 გახდა, თუმცა, მანვე უკვე დასრულებულ დროზე არეკნი შეაგდო, ნაკრებში პირველი ქულები აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:17.

ცნობისთვის, საქართველო და რუმინეთი 2000 წლიდან მინიმუმ ერთხელ ყოველწლიურად ეთამაშებიან ერთმანეთს და დღეს გამართული შეხვედრის ჩათვლით, სტატისტიკა ასეთია: 24 მატჩიდან (12 შინ, 11 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე), 15 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 9 - “მუხის ფოთლების“, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 48 ლელო და 504 ქულა, თავად კი 34 ლელო და 411 ქულა გაუშვა.

ამგვარად, ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, 18 ქულა მოაგროვა და უკვე ცხადია, რომ შეჯიბრს პირველ ადგილზე დაასრულებს (საქართველოს დაქვეითების მხოლოდ ფანტასტიკური შანსები არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც არ ღირს). “ბორჯღალოსნებს” ტურნირზე კიდევ ერთი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი და იქაც უდავო ფავორიტები იქნებიან. დასკვნითი თამაში 26 ან 27 ივნისს ჩატარდება, მეტოქე კი ბელგია ან ნიდერლანდები იქნება.

საქართველო 28:17 რუმინეთი

საქართველო: ხმალაძე, ტაბუცაძე, კვესელაძე, შარიქაძე (კაპ.), თოდუა, აბჟანდაძე (ბაბუნაშვილი, 67), აფრასიძე, გიგაშვილი, მამუკაშვილი, მელიქიძე (ხარაიშვილი, 58), ჯაიანი, გიგაური (ჭეიშვილი, 65), გაჩეჩილაძე (ჭყოიძე, 24), საღინაძე, ჯალაღონია.

3 ლელო: საჯარიმო, გიგაშვილი, ტაბუცაძე; 1 გარდასახვა: აბჟანდაძე; 2 ჯარიმა: აბჟანდაძე; არეკნი: ბაბუნაშვილი. გაძევება: მამუკაშვილი (20).

რუმინეთი: მელინტე (პოპოაია, 20), დუმიტრუ, (პრისტევიცა, 7-18), ბუკური, ბოლდორი, ონუცუ (ვლაიკუ, 35), პლაი, სურუჯიუ (რუპანუ, 65), სავინი (პრისტევიცა, 29), კოჟოკარუ (კეპეცინა, 55), ცერუში (ბურცილა, 65), ანტონესკუ (იფტიმიჩუკი, 76), მოცოკი, კირიკა (ფან ჰირდენი, 57), ბობოკი, გორჩოაია. 

2 ლელო: გორჩოაია, კეპეცინა; 2 გარდასახვა: პლაი, ვლაიკუ; 1 ჯარიმა: ვლაიკუ. სინბინი: სავინი (7).

📈| Here are the rankings after four fantastic weeks of Rugby Europe Championship fixtures!

Posted by Rugby Europe on Sunday, March 28, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები