Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად კვიპროსულ ანორთოსისს წვრთნის, ბერძნულ მედიას ინტერვიუ მისცა და ვილი სანიოლის გუნდზე ესაუბრა. 

საბერძნეთის და საქართველოს ნაკრებები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში მეტოქეები არიან და ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 31 მარტს, სალონიკში გაიმართება. ქეცბაიას, რომელიც საბერძნეთში ჯერ თამაშობდა (აეკ-ი), შემდეგ კი მწვრთნელადაც (ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში) მუშაობდა, ადგილობრივი მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

"საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს, ახალი მწვრთნელითა (ვილი სანიოლი) და შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს შვედეთთან გაუჭირდა, მაგრამ მომეწონა გუნდის სათამაშო სტილი. გუნდი მომენტებს ქმნიდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ქულასაც იოლად მოიპოვებდა. 

არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრები სრულებით შემტევი გუნდია. ის ყურადღებას დაცვას უთმობს, თამაშობს ორგანიზებულად და ეძებს შეტევაში შესაძლებლობებს. კონკრეტულ მოთამაშეებს არ გამოვარჩევ. როგორც აღვნიშნე, შემადენლობაში არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც განვითარების კარგი პერსპექტივა აქვთ.

საბერძნეთის ნაკრებს საქართველოს დაუფასებლობა არ არგებს და თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს, რომ არ დაზარალდეს", - აცხადებს 53 წლის ქართველი სპეციალისტი ბერძნულ მედიასთან.

საქართველოს ნაკრები შვედეთში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საბერძნეთის ნაკრებმა B ჯგუფის პირველ შეხვედრაში სტუმრად ესპანეთთან ქულა მოიპოვა (1:1), საქართველოს ნაკრები კი გასვლაზე შვედეთთან დამარცხდა (0:1). მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს (28 მარტს), ბერძნები კი ამავე დღეს ამხანაგურ შეხვედრას ჰონდურასთან გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები