Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვირას რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მე-4 მატჩს ჩაატარებს, თუმცა, შინაურ კედლებში პირველად ითამაშებს. “ბორჯღალოსნების” მეტოქე რუმინეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც წლების განმავლობაში ქართველების უმთავრესი მეტოქე იყო, ახლა კი, წარსულის აჩრდილიღაა დარჩენილი.

თამაში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას, 28 მარტს, 15:00 საათზე არის დაგეგმილი, კარგი ამბავი კი ისაა, რომ თამაშზე მაყურებელსაც ვიხილავთ. ტრიბუნები ტევადობის 30%-ით შეივსება, მატჩს კი ერთბაშად სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება ტრადიციული, “ანთიმოზ ივერიელის თასი“ (ის ქართველებს 13-ჯერ აქვთ მოგებული, რუმინელებს კი 6-ჯერ), წლევანდელი და მომავალი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით ორი მოწინავე კი, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

საქართველო და რუმინეთი 2000 წლიდან მინიმუმ ერთხელ ყოველწლიურად ეთამაშებიან ერთმანეთს და დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 9 - “მუხის ფოთლების“, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთი ერთ დროს ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი იყო და 5-ჯერ შემართა ჯილდო, თუმცა მერე "ბორჯღალოსნებმა" იმძლავრეს და ტიტული 12-ჯერ მოიპოვეს.

ამ გუნდების ნაცნობობა 1998 წლიდან დაიწყო, როდესაც მეტოქეს 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიაში, დუბლინში ვეთამაშეთ და 23:27 წავაგეთ. 2000-2006 წლებში გამართული რვა მატჩიდან ექვსი მეტოქემ მოიგო, ხოლო ბორჯღალოსნებმა – ორი. “მუხის ფოთლებთან“ პირველი გამარჯვება 2001 წელს ბუქარესტში ვიზეიმეთ, 2005 წელს კი თბილისში 20:13 ვძლიეთ. 2007 წლიდან დღემდე, რუმინეთმა მხოლოდ ორი მატჩი მოიგო, ორივე ბუქარესტში (2010 და 2017), 2013 წელს კი ფრე დაფიქსირდა – 9:9. საქართველო განსაკუთრებით ძლიერად თბილისში თამაშობდა და 2016 წელს მეტოქე სარეკორდო სხვაობით დაამარცხა – 38:9, შარშან კი ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მიითვალა და 28 ქულის სხვაობით მოიგო – 41:13. რუმინეთს საქართველოში 2003 წლის შემდეგ არ მოუგია.

"ბორჯღალოსნების" მზადება პრინციპულ მეტოქესთან მატჩისთვის

გასულ მატჩთან შედარებით, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმა რუსეთს კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, რომელიც პორტუგალიასთან მგეზავი იყო, მას შემდეგ კი არ უთამაშია. დანარჩენმა უკანახაზელებმა ადგილი შეინარჩუნეს. ღერძს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე წარმოადგენენ, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე კი ალექსანდრე თოდუა და აკაკი ტაბუცაძე იწყებენ. უცვლელია ხაზის მარქაფაც: 9 ნომრის შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, მგეზავს გიორგი ბაბუნაშვილი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუსეთთან ჰქონდა, ხოლო ფულბეკად თამაშში სოსო მათიაშვილი ჩაერთვება.

ორი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ამჯერად კვაჭად თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს, ხოლო გიორგი ჭყოიძემ თადარიგში გადაინაცვლა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა – ბექა გიგაშვილმა და გიორგი მელიქიძემ, მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანისა და დავით გიგაურის წყვილი, ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი თხილაიშვილი მარქაფაში იქნება. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია. მეორე ხაზში შეცვლაზე კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შევა, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და გია ხარაიშვილი შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ ყოჩების ბურჯი აბულაძე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მან გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა, რომელიც შეთანხმების თანახმად ფრანგულ რასინგ 92-ს დაუბრუნდა.

ლევან მაისაშვილის გუნდი რუმინეთთან ფავორიტის რანგში ითამაშებს

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “გასული კვირა დატვირთული იყო მგზავრობით, რის შემდეგაც მოთამაშეები კარგად დავასვენეთ და სამი სრულფასოვანი ვარჯიშიც გვქონდა. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი. კვლავ ვერ ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, მცირე ტრავმა აქვს დავით ნინიაშვილს, წელი აწუხებს მირიან მოდებაძეს. თუ რუმინეთმა მოწინააღმდეგეს თავისი თამაში მოახვია, რაც კარგად გამოსდის ხოლმე, შეუძლია პრობლემების შექმნა. მაგრამ თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, არა მგონია რთული შეხვედრა გამოგვივიდეს. სწორედ აქაა გასაღები მოსაძებნი. იმისათვის, რომ ღია და გაშლილი თამაში ვაჩვენოთ, აუცილებელია ორთაბრძოლების მოგება. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტორი, რომ ტრიბუნებზე მაყურებლები იქნებიან. არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, მაყურებელი ალამაზებს თამაშს, ჩვენთან განსაკუთრებით! გულშემატკივრი არის მე-16 მოთამაშე. ამ თანადგომას გრძნობს თითოეული მორაგბე და სამწვრთნელო შტაბის წევრი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ გვეძლევა ამის შანსი და გპირდებით – გულშემატკივარს არ გავაწბილებთ“.

“მუხის ფოთლების” ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა იმ შემადგენლობაში, რომელმაც გასულ უქმეებზე ბუქარესტში ესპანეთს 22:16 სძლია, ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა. საინტერესოა კვაჭის პოზიციაზე ოვიდიუ კოჟოკარუს გამოჩენა, მე-2 ხაზში ვიხილავთ კრისტი ბობოკს, რომელიც მე-3 ხაზში კრისტი კირიკასა და კაპიტან ანდრეი გორჩოაიას შეუამხანაგდება. ახალია შუამარბების წყვილიც: ტუდორ ბოლდორი და ალეკსანდრუ ბუკური. აღსანიშნავია, რომ ამჯერად თადარიგში დარჩა ფლორინ ვლაიკუ, რომელმაც სწორედ ამ სეზონში ეროვნული ნაკრების მაისურით 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

რუმინეთის ნაკრების ვარჯიში თბილისში გამომგზავრების წინ

ნიკოლა ონუცუ (რუმინეთის ნაკრების მორაგბე): “საქართველოს ნაკრების მატჩები ვნახეთ და მათი პლიუსების შესახებ ვიცით. მათ ბურთი ხშირად აქვთ, სწრაფად თამაშობენ, დაცვაში მაგრად დგანან, ორგანიზებულად ირჯებიან და დისციპლინირებულები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელშიც ჩვენ გასულ მატჩებში პრობლემები გვქონდა. პორტუგალიასთანა და ესპანეთთან წესებს ხშირად ვარღვევდით და ამას ბარათებიც მოჰყვა. ქართველებთან იგივეს უფლება არ გვაქვს. მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ცხადია, მოგება დიდებული იქნება, თუმცა, ურიგო არც დაცვითი ბონუსის აღება უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 3 ტურის თავზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, რუმინეთს 9 ქულა გააჩნია, შემდეგ კი, რუსეთი (4), ესპანეთი (2) და პორტუგალია (1) მოდიან. რუმინეთის შემდეგ, “ბორჯღალოსნებს” ერთადერთი მატჩიღა დარჩებათ ჩასატარებელი: 26 ან 27 ივნისს შინ ბელგია-ჰოლანდიის წყვილში უმჯობესს ეთამაშებიან.

საქართველო V რუმინეთი

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი).

რუმინეთი: 15. იონელ მელინტე, 14. იონუც დუმიტრუ, 13. ალეკსანდრუ ბუკური, 12. ტუდორ ბოლდორი, 11. ნიკოლა ონუცუ, 10. ანიელ პლაი, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. ალეკსანდრუ სავინი, 2. ოვიდიუ კოჟოკარუ, 3. ლეკსანდრუ ცერუში, 4. მარიუს ანტონესკუ, 5. ადრიან მოცოკი, 6. კრისტი კირიკა, 7. კრისტი ბობოკი, 8. ანდრეი გორჩოაია;
სათადარიგოები: 16. ეუჯენ კეპეცინა, 17. კონსტანტინ პრისტევიცა, 18. კოსტელ ბურცილა, 19. მარიუს იფტიმიჩუკი, 20. იოჰანეს ფან’ჰირდენი, 21.  გაბრიელ რუპანუ, 22. ფლორინ ვლაიკუ, 23. პაულ პოპოაია.

კომენტარები

ბოლო ამბები