Thumbnail

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა თბილისში საქართველოსთან დანიშნული მატჩისთვის, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით შედგება.

“მუხის ფოთლების” ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა იმ შემადგენლობაში, რომელმაც გასულ უქმეებზე ბუქარესტში ესპანეთს 22:16 სძლია, ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა. საინტერესოა კვაჭის პოზიციაზე ოვიდიუ კოჟოკარუს გამოჩენა, მე-2 ხაზში ვიხილავთ კრისტი ბობოკს, რომელიც მე-3 ხაზში კრისტი კირიკასა და კაპიტან ანდრეი გორჩოაიას შეუამხანაგდება. ახალია შუამარბების წყვილიც: ტუდორ ბოლდორი და ალეკსანდრუ ბუკური. აღსანიშნავია, რომ ამჯერად თადარიგში დარჩა ფლორინ ვლაიკუ, რომელმაც სწორედ ამ სეზონში ეროვნული ნაკრების მაისურით 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. საქართველოსა და რუმინეთის მატჩი კვირას, 28 მარტს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” 14 ქულით ლიდერობენ, “მუხის ფოთლები” კი 9 ქულით მეორენი არიან. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი საქართველომ მოიგო, 9 – რუმინეთმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

რუმინეთის ნაკრები საქართველოსთან

15. იონელ მელინტე, 14. იონუც დუმიტრუ, 13. ალეკსანდრუ ბუკური, 12. ტუდორ ბოლდორი, 11. ნიკოლა ონუცუ, 10. ანიელ პლაი, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. ალეკსანდრუ სავინი, 2. ოვიდიუ კოჟოკარუ, 3. ლეკსანდრუ ცერუში, 4. მარიუს ანტონესკუ, 5. ადრიან მოცოკი, 6. კრისტი კირიკა, 7. კრისტი ბობოკი, 8. ანდრეი გორჩოაია;

სათადარიგოები: 16. ეუჯენ კეპეცინა, 17. კონსტანტინ პრისტევიცა, 18. კოსტელ ბურცილა, 19. მარიუს იფტიმიჩუკი, 20. იოჰანეს ფან’ჰირდენი, 21.  გაბრიელ რუპანუ, 22. ფლორინ ვლაიკუ, 23. პაულ პოპოაია.

კომენტარები

ბოლო ამბები