Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც რუმინეთთან მოახლოებული მატჩისთვის ემზადება, ღია ვარჯიში ჩაატარა. “შევარდენზე“ გამართული საშუალო ინტენსივობის წვრთნა მაქსიმალურად იყო მიახლოვებული თამაშთან, პროცესში კი ჩართული იყო საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ორი დღის წინ შევიდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს “ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა – შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ჯაიანმა.

ლევან მაისაშვილი: “გასული კვირა დატვირთული იყო მგზავრობით, რის შემდეგაც მოთამაშეები სრულფასოვნად დავასვენეთ და სამი სრულფასოვანი ვარჯიშიც გვქონდა. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები. კვლავ ვერ ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, მცირე ტრავმა აქვს დავით ნინიაშვილს, წელი აწუხებს მირიან მოდებაძეს. თუ რუმინეთმა მოწინააღმდეგეს თავისი თამაში მოახვია, რაც კარგად გამოსდის ხოლმე, შეუძლია პრობლემების შექმნა. მაგრამ თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, არა მგონია რთული შეხვედრა გამოგვივიდეს. სწორედ აქაა გასაღები მოსაძებნი. იმისათვის, რომ ღია და გაშლილი თამაში ვაჩვენოთ, აუცილებელია ორთაბრძოლების მოგება. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტორი, რომ ტრიბუნებზე მაყურებლები იქნებიან. არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, მაყურებელი ალამაზებს თამაშს, ჩვენთან განსაკუთრებით! გულშემატკივრი არის მე-16 მოთამაშე. ამ თანადგომას გრძნობს თითოეული მორაგბე და სამწვრთნელო შტაბის წევრი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოგვეცემა ამის შანსი და გპირდებით – გულშემატკივარს არ გავაწბილებთ“.

ლევან მაისაშვილი გუნდს რუმინეთთან მატჩისთვის ამზადებს

შალვა მამუკაშვილი: “სამივე გასვლითი შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ და ამ ეტაპზე, ბოლო თამაშს საკუთარ კედლებში გავმართავთ. ძალიან კარგია, რომ პირველად უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, მაყურებლის წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის დიდი ენთუზიაზმია. მატჩიდან მატჩამდე გვქონდა პროგრესი, როგორც – სათამაშო ხარისხში, ასევე ტემპში და ვეცდებით, ეს ეტაპი სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ. რაც შეეხება გუნდს, მრავლად არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, დებიუტანტები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი ძალიან კარგად ინტეგრირდნენ გუნდში, ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და ეს ჩვენთან ერთად მაყურებელსაც უნდა ახარებდეს“.

ლაშა ჯაიანი: “მაყურებლის თანადგომა ძალიან დიდ მუხტს და ენერგიას გვაძლევს. მათი მხარდაჭერა მოედანზე რეალურად გვეხმარება. ცარიელ სტადიონზე ვერ იღებ საჭირო ემოციას, სულ სხვა გრძნობაა. როდესაც მოედანზე ხარ, მე-16 მოთამაშე კი ფიზიკურადაც გეხმარება. ამდენად, მაყურებელს ლაღ, სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. რუმინეთი კარგი გუნდია, ძალისმიერ რაგბს თამაშობს. ვეცდებით მეტოქე ამ ფაზებში გავანეიტრალოთ. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. მე-4 ტურის ეგიდით დაგეგმილი საქართველოსა და რუმინეთის მატჩი კვირას, 28 მარტს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” 14 ქულით ლიდერობენ, “მუხის ფოთლები” კი 9 ქულით მეორენი არიან. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი საქართველომ მოიგო, 9 – რუმინეთმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები