Thumbnail

საქართველოსა და რუმინეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩამდე, რომელიც 28 მარტს თბილისში გახლავთ დაგეგმილი, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მომავალი შეხვედრის აშკარა ფავორიტებად “ბორჯღალოსნები” მოიზრებიან. ამაზე “მუხის ფოთლების” რიგებში არსებული ვითარებაც მოწმობს. მაგალითად, ფრანგულ ვიენში მოთამაშე ნიკოლა ონუცუ იმითაც კმაყოფილი იქნება, თუკი მისი ნაკრები მოახლოებულ შეხვედრაში ბონუს-ქულას მაინც აიღებს. მისი კომენტარი რუმინეთის რაგბის კავშირის ვებ-გვერდმა გაავრცელა:

“საქართველოს ნაკრების მატჩები ვნახეთ და მათი პლიუსების შესახებ ვიცით. მათ ბურთი ხშირად აქვთ, სწრაფად თამაშობენ, დაცვაში მაგრად დგანან, ორგანიზებულად ირჯებიან და დისციპლინირებულები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელშიც ჩვენ გასულ მატჩებში პრობლემები გვქონდა. პორტუგალიასთანა და ესპანეთთან წესებს ხშირად ვარღვევდით და ამას ბარათებიც მოჰყვა. ქართველებთან იგივეს უფლება არ გვაქვს. მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ცხადია, მოგება დიდებული იქნება, თუმცა, ურიგო არც დაცვითი ბონუსის აღება უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. მე-4 ტურის ეგიდით დაგეგმილი საქართველოსა და რუმინეთის მატჩი კვირას, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” 14 ქულით ლიდერობენ, “მუხის ფოთლები” კი 9 ქულით მეორენი არიან. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი საქართველომ მოიგო, 9 – რუმინეთმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები