Thumbnail

იუვეს დიბალა აღარ სჭირდება - გაცვლა ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაულო დიბალას ტურინული თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება
  • 27 წლის არგენტინელთან იუვეს მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს

იუვენტუსისა და პაულო დიბალას ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ზაფხულში 27 წლის არგენტინელი შემტევის გაყიდვას ყველანაირად ეცდება.

დიბალას იუვესთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს დიდხანს მართავდნენ, შეთანხმება ვერ შედგა. კლუბი ფეხბურთელს სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობდა (ახლა პაულო 7 მილიონს იღებს), ხოლო სამხრეთამერიკელი მინიმუმ 12 მილიონს ითხოვს. ამიტომაც, "ბებერმა ქალბატონმა" ხელშეკრულების განახლების საკითხი შეაჩერა.

ვინაიდან კონტრაქტი ერთ წელში იწურება, ზაფხული ბოლო შანსია, რომ იუვემ დიბალას სანაცვლოდ ფინანსური მოგება მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი მზად არიან, 45-50 მილიონი ევრო გაიღონ, მაგრამ ეს იუვესთვის მისაღები წინადადება არ არის - ტურინული გრანდი მინიმუმ 75 მილიონს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ზაფხულში ტურინელებმა ბარსელონას 160-მილიონიანი წინადადება უარყვეს.

გუშინ, იტალიური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დიბალაზე საინტერესო განცხადება გააკეთა: "პაულო დაგვაკლდა. მისი ყოფნით შეტევაში ვარიანტების და გოლების გარანტია გვექნებოდა. მას კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი და იმაზე მეტი დასამატებელი არაფერია, ვიდრე აქამდე პარატიჩიმ და ანიელიმ თქვეს. თუმცა, ცხადია, იუვენტუსი სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობებს ყოველთვის აფასებს".

დიბალას 3 თვე ტრავმის გამო გაუცდა

აქედანაც ჩანს, რომ დიბალას გაყიდვას გუნდი არ გამორიცხავს. იტალიური პრესა ბარტერის ვარიანტებზეც წერს: პირველი პარი სენ-ჟერმენთან მაურო იკარდიში გაცვლაა, ხოლო მეორე უფრო კონკრეტული, მაგრამ ამავე დროს, უფრო რთული - ბარსელონასთან ანტუან გრიზმანში ბარტერი. საქმეს ამ შემთხვევაში ფრანგი ფეხბურთელის ხელფასი ართულებს, რომელიც ესპანეთში სეზონში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ტრანსფერის სრულყოფისთვის ანტუანი იტალიაში ბევრად ნაკლებ ხელფასზე თამაშს უნდა დათანხმდეს.

მიმდინარე სეზონში დიბალამ მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 10 იანვრის შემდეგის ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. არგენტინელი შემტევი ტურინელებმა 2015 წელს პალერმოდან შეიძინეს და მის ანგარიშზე "ბიანკონერის" რიგებში 244 მატჩი და 98 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები