Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურისთვის მზადება დაიწყო
  • 28 მარტს ბორჯღალოსნები თბილისში რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. კალინინგრადში, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნები" 28 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 სთ-ზე დაიწყება და მას გულშემატკივრებიც დაესწრებიან. რეგულაციების გათვალისწინებით, არენა მხოლოდ 30%-ით შეივსება, ბილეთები კი მხოლოდ ონლაინ იყიდება. 

ტრავმები მოიშუშეს და რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან ვასილ ლობჟანიძე და ბექა საღინაძე, რომელთაც ესპანეთსა და რუსეთთან არ უთამაშიათ. გუნდს დააკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც შეთანხმების თანახმად კლუბს დაუბრუნდა. გაფართოებულ რაზმშია ლუკა გოგინავა, ასევე ნიკა აბულაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მცირე ტრავმა აქვს და ინდივიდუალურად ივარჯიშა დავით ნინიაშვილმა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რუსეთთან მატჩის წინ მთელი კვირა ფაქტობრივად მგზავრობაში გავატარეთ და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. დიდი შრომა გასწიეს მწვრთნელებმა, ვიდეო-ანალიტიკოსებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა და სამედიცინო ჯგუფმა. კალინინგრადიდან დაბრუნების შემდეგ, ბიჭები ორი დღე დავასვენეთ, სამშაბათს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეს და ხვალ კი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს. იმისათვის, რომ ძალების სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს, დასვენება გვექნება პარასკევს, შაბათს კი უკვე კაპიტნის ვარჯიშია".

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა: ბექა გიგაშვილი, გია ხარაიშვილი, გიორგი მელიქიძე, ნიკა აბულაძე, ლუკა გოგინავა, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, გიორგი ჯავახია, დავით გიგაური, გიორგი თხილაიშვილი, ბექა საღინაძე, ირაკლი ცხადაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე ჯალაღონია, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია, გიორგი მარგალიტაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი ბაბუნაშვილი , ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, აკა ტაბუცაძე, დემე თაფლაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, სანდრო თოდუა, სანდრო სვანიძე, სოსო მათიაშვილი, დავით ნინიაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში სამივე მატჩი მოიგო,  სატურნირო ცხრილს 14 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები