Thumbnail
  • დინამო ბათუმმა სეზონი კარგად დაიწყო და ერთ-ერთი ლიდერია
  • არჩილ ბერიძე გასულ მატჩებს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

5 ტურის შემდეგ, დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია (გორის დილასთან ერთად). სეზონის დაწყებამდე, ბათუმელთა რიგებში ბევრი ცვლილება მოხდა - გუნდში ახალი ფეხბურთელები, მათ შორის ლეგიონერები მივიდნენ. აჭარული კლუბის სტარტის შესაფასებლად, სამომავლო გეგმების და დასახული მიზნების შესახებ სასაუბროდ პოპსპორტი დინამო ბათუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა.

POPSPORT: როგორ შეაფასებდით გუნდის სტარტს?

არჩილ ბერიძე: უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. უკანასკნელ ოთხ წელს თუ გადავხედავთ, საუკეთესო სტარტი გამოგვივიდა. სამი თამაში მოვიგეთ, ორი ფრე ვითამაშეთ. შედარებისთვის, შარშან პირველ ხუთ ტურში ოთხი ფრე გვქონდა, შარშანწინ კი პირველი ორი მატჩი წავაგეთ. ამ სეზონის სტარტი წინა სეზონებთან შედარებით, ბევრად დამაიმედებელია.

POPSPORT: ხუთ მატჩში გუნდმა ამდენივე გოლი გაიტანა. არ ფიქრობთ, რომ ეს ცოტაა?

ბერიძე: გეთანხმებით. ეს ნამდვილად არ არის ბევრი, თუმცა ამას მე შეთამაშების პრობლემას დავაბრალებდი. იმედი მაქვს, თანდათანობით ესეც გამოსწორდება. მთავარი კი მაინც შედეგია.

5 ტურის შემდეგ დინამო ბათუმს 11 ქულა აქვს

POPSPORT: სეზონის წინ ბათუმის დინამომ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ლეგიონერებიც დაიმატა. რამდენად კმაყოფილი ხართ მათი თამაშით?

ბერიძე: ფაქტობრივად ახალწვეულების 80 პროცენტი ძირითადი შემადგენლობის წევრია. არის სანოგოს პრობლემა, რომელიც უკვე წარსულს ბარდება. მან ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და სულ მალე კლუბს შეუერთდება. გუნდში ძალიან გაიზარდა კონკურენცია და ეს ფაქტი მისასალმებელია.

POPSPORT: ეროვნულ ნაკრებში დინამო ბათუმის უკვე მეოთხე ფეხბურთელი გამოიძახეს. ვილი სანიოლის სიაში მოხვდნენ ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ჯაბა ჯიღაური და მამუკა კობახიძე. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

ბერიძე: ეს ამბავი ძალიან მახარებს! ეროვნული ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის მიზანია. ის, რომ დინამო ბათუმიდან საქართველოს ნაკრებში ოთხი მოთამაშეა გამოძახებული, იმაზე მიანიშნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვმუშაობთ. ჩვენი დევიზია „ერთად ვწერთ ისტორიას“ და ვგრძნობ, რომ ამ ფორმაციის დინამო ბათუმი კლუბის ისტორიაში ღირსეულ ფურცელს წერს. მიმაჩნია, რომ კლუბიდან ამდენი მოთამაშის ეროვნულ გუნდში გამოძახება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. როდესაც შენი გუნდიდან ნაკრებში ფეხბურთელი მიდის, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

კობახიძე ჩაბრაძის (მარჯვნივ), კუპატაძისა და ჯიღაურის შემდეგ მე-4 ბათუმელია, რომელიც სანიოლმა გამოიძახა

POPSPORT: აპრილიდან საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს მაყურებელი დაესწრება. როდიდან გეგმავს დინამო ბათუმი საშინაო არენაზე თამაშების ჩატარებას?

ბერიძე: პირველ რიგში მინდა, ბათუმის დინამოს ქომაგებს სტადიონზე დაშვება მივულოცო. ერთი წელია, დინამოს ფანები ამ დღეს ელოდებიან და ძალიან გახარებულები არიან. 3 აპრილს გორში გუნდს მორიგი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და გულშემატკივრები დიდ სამზადისში არიან. რაც შეეხება ბათუმის ახალ სტადიონზე გასამართ უახლოეს მატჩს: ეს დინამო თბილისის წინააღმდეგ იქნება. საბოლოოდ, ბათუმის დინამო საკუთარ სტადიონზე სწორედ ამ მატჩით დაბრუნდება და ეს გუნდს კიდევ უფრო მეტ სტიმულს შესძენს.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საოცარი არენის აშენებაში მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, სამუშაოები ბაზაზეც მიმდინარეობს. გვემატება მეორე სავარჯიშო, ბუნებრივსაფარიანი მოედანი. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, დინამო ბათუმი უკვე მთლიანად საკუთარ ქალაქში იქნება დაბრუნებული, რაც კლუბის შენების კიდევ ერთი ახალი ეტაპია. ამის შემდეგ მოსაწყობი დაგვრჩება აკადემია, რომელშიც უკვე დაახლოებით ათასზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს. იმისთვის, რომ მას დასრულებული სახე მიეცეს და იყოს ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა, ანუ ევროპული სტანდარტების, ექვსი-შვიდი თვე გვჭირდება.

POPSPORT: ამ სეზონში ისევ სამ ფრონტზე იასპარეზებთ. რა მიზნები აქვს დინამო ბათუმს?

ბერიძე: ბათუმის დინამოს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს. მინდა, ლადო დვალიშვილს წარმატებული სტარტი მივულოცო. მასთან და მთლიანად გუნდთან ერთად სამივე ფრონტზე - თასზე, ჩემპიონატში და ევროტურნირზე - წარმატებული გამოსვლა დავგეგმეთ. მინდა, დვალიშვილს და მთელ გუნდს წარმატებები და ყველა ტურნირში ღირსეული გამოსვლა ვუსურვო.

არჩილ ბერიძე და მისი გუნდი დინამო ბათუმის სათავეში 2018 წელს მოვიდნენ. პირველივე წელს გუნდი პირველიდან უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია [13.03]

მთლიანად კომბინაციაც და ჯაბას 'ის' პასიც... 🧙‍♀🚀 📹 popsport | #FCDB

Posted by FC Dinamo Batumi on Monday, March 15, 2021

 

კომენტარები

ბოლო ამბები