Thumbnail

საქართველოს საუკეთესო სარაგბო მსაჯი ნიკა ამაშუკელი საერთაშორისო ასპარეზზე წინსვლას განაგრძობს და 2 აპრილს პირველი ქართველი რეფერი გახდება, რომელიც ევროთასების პლეი ოფის მატჩს მოემსახურება. ამაშუკელი უკვე მესამე წელია ევროთასების შეხვედრებს მსაჯობს. აქამდე მას ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე ნიშნავდნენ, ჩემპიონთა თასზე დებიუტში კი ხელი კორონავირუსმა შეუშალა.

მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ევროპის 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში ლონდონ აირიშისა და კარდიფ ბლუზის შეხვედრის განსჯა ანდეს. აღსანიშნავია, რომ 16 მსაჯს შორის ვერ ვერ ვხედავთ იტალიელებს, მხოლოდ თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ შოტლანდიასა და უელსს, ორი ირლანდიელია, დანარჩენ 11 ადგილს კი ინგლისელი და ფრანგი მსაჯები ინაწილებენ. აი, რა უთხრა აღნიშნულთან დაკავშირებით ამაშუკელმა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.

ნიკა ამაშუკელი რუმინეთის და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის მთავარი მსაჯი იყო

“ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა. ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე - მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა“.

გასულ კვირას, ნიკა ამაშუკელმა ქართულ ბრიგადასთან (კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე ეხმარებოდნენ, ვიდეო-რეფერი კი სულხან ჩიხლაძე იყო) ერთად წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იმსაჯა რუმინეთსა და ესპანეთს შორის. ეს გუნდები 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ დიდ სკანდალში გაეხვნენ და ორივე დაისაჯნენ. მას შემდეგ მათ ურთიერთშეხვედრებს სხვა სიმწვავე დაემატა:

“მანამდეც ვვარაუდობდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დაძაბულობიდან გამომდინარე, ხარისხი და სანახაობა არ გამოვიდა. სიტუაცია განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაიძაბა და წითელი ბარათის გამოყენებაც მომიწია, ასევე იყო სამი ყვითელი ბარათი. კარგი არაა, როდესაც მსაჯი ასე უხეშად ერევა თამაშში, მაგრამ მთავარი დისციპლინაა და ბარათებიც აუცილებლად მისაცემი იყო. გუნდებს ეტყობოდათ წარსულის ბზარი. რუმინეთმა მეტად აკონტროლა თავი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ჩვენმა სამსაჯო ბრიგადამ უკვე მიიღო ძალიან კარგი შეფასება. სიტუაციის ანალიზი და გადაწყვეტილებები ზუსტი იყო. პირველ ტაიმში დაძაბულობა ნაკლები იყო და მოთამაშეებთანაც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ესპანელმა მორაგბემ მითხრა – ხომ არ ჯობდა ასე მოქცეულიყავითო, რაზეც მე მას შევთავაზე, მსაჯობა ხომ არ უნდოდა. ეს იყო მეგობრული ჟესტი, ხუმრობა, რომელზეც ორივემ გავიცინეთ და კომენტატორებმაც იხალისეს“.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრას სრულად ქართული ბრიგადა მოემსახურა

კვირის ბოლოს, 28 მარტს საქართველოს სწორედ რუმინეთი ეწვევა და ბორჯღალოსნებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს გამართავს. ამაშუკელი მომავალი მეტოქის თამაშს ასე აფასებს:

“ვერ ვიტყვი, რომ რუმინეთმა წინა წლებთან შედარებით მოუმატა და საუკეთესო ფორმაშია. მატჩის მიწურულს 3-კაცნაკლულ მეტოქესთან ქულების აღება გაუჭირდა და თავად მოექცა წნეხში. ჩემი აზრით, ის საფრთხეს ვერ შეგვიქმნის, თუმცა რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე ყავს. მაგალითად, ფულბეკი და მორკინალები, რომლებიც ფიზიკურობით გამოირჩევიან“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე ტურნირი პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები 14 ქულით ლიდერობს, რუმინეთი კი 9 ქულით მეორეა. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს, 9 – “მუხის ფოთლებმა”, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები