Thumbnail

ფიფას ოფიციალურ საიტზე (FIFA.com) დღის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ თავკაც ვილი სანიოლთან ექსკლუზიური ინტერვიუა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

"15 თებერვალს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების თავკაცი გახდა. მოულოდნელი ამბავია, სანამ არ გეტყვით, რომ მას ბუნდესლიგაში თამაშისას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან, რომლებიც ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები არიან. "ჯვაროსნების" მისიაა, კვლავ ფეხზე დადგნენ, მას მერე, რაც ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მწარე მარცხი იგემეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან".

ვილი სანიოლი იწყებს
📷 | GFF

FIFA.com: როგორ გახდით საქართველოს ნაკრების მწვრთნელი?

ვილი სანიოლი:  უფრო სანაკრებო კარიერაზე ვფიქრობდი, ვიდრე საკლუბოზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი ის ხალხი ხელმძღვანელობს, ვის წინააღმდეგაც თამაში ხშირად მომიწია გერმანიაში. ჩვენში შორის ნდობაა, ამიტომაც დიდი სიხარულითა და ამბიციებით დავთანხმდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას. 

FIFA.com: რამ გიბიძგათ საერთაშორისო კარიერის გაგრძელებისკენ? 

სანიოლი: საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობისას კარგი დრო გავატარე. საერთაშორისო კარიერა უფრო მხიბლავს და მსურდა, საკლუბოს მერე ისევ ამას დავბრუნებოდი. ახლა ვარ ქვეყანაში, რომელსაც განვითარება და წინსვლა სურს და შემიძლია ამ საქმეში სასარგებლო ვიყო. ჩემთვის ეს საშუალოვადიანი პროექტია, რადგან ამ სიტუაციაში გრძელვადიან გეგმებს ვერავინ სახავს. საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელებს ახლა გაურკვეველი სიტუაციები აქვთ, კარგი პროექტები იქ დროულად შეიძლება არც გამოჩნდეს. 

წაიკითხე | როგორ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები და რა შანსი შეიძლება გვქონდეს

FIFA.com: როგორი განწყობით გხვდებათ ეროვნული ნაკრები?

სანიოლი: მე დავინახე დიდი იმედგაცრუება იმის გამო, რომ ქართველებს ხელიდან დაუსხლტათ ევრო 2020-ის საგზური, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ. თუმცა ის, რომ გუნდმა ფინალი ითამაშა იმის ნიშანია, რომ ევროზე მოხვედრა სავსებით მიღწევადი იყო და გუნდს ამის პოტენციალი აქვს. ეს რეალური გამოწვევაა. კარგად ვიცით, რომ მუნდიალს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ფედერაციაში და გუნდში იგრძნობა სურვილი წინსვლისა და პროგრესის. 

FIFA.com: კონკრეტულად რა დაისახეთ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე?

სანიოლი: გუნდის მიზანი თანამედროვე ფეხბურთის თამაშია ანუ უფრო სწრაფად თამაში. ფეხბურთელებმაც უნდა აიმაღლონ თვითშეფასება, ეს კი გარკვეულ რისკებზე წასვლას საჭიროებს. საქართველოს დარი გუნდი ვერ მიაღწევს ვერაფერს ურისკოდ. არ აქვს აზრი დაცვაში თამაშს და მეტოქის შეცდომის ლოდინს. უნდა ვიყოთ ამბიციურები და მეტოქეებს შეცდომები თავად დავაშვებინოთ. რაც აქ ვარ, ვგრძნობ, რომ ყველა იზიარებს ჩემს აზრს, რომ უნდა შეიცვალოს კურსი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა დამაჯერებელი შედეგები, უმისოდ საკუთარი თავის რწმენას ვერ განვივითარებთ. ქართველები ამაყები არიან, მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ ევროპულ ასპარეზზე და მათ შეუძლიათ დიდი როლის შესრულება. 

FIFA.com: რა შედეგი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე?

სანიოლი: კარგი შედეგი იქნება მე-3 ადგილის დაკავება თამაშის ხარისხის გათვალისწინებით. ძალიან კარგი იქნება ამაზე მეტს თუ შევძლებთ, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მსგავსი განცხადებების გაკეთება. მით უმეტეს, რომ ახლა ყველაფერი გართულებულია. დიდად ვაფასებ პროფესიონალებს, რომლებიც მაინც ახერხებენ ცარიელი ტრიბუნების წინ კარგად ასპარეზობას. ეს არც ისე იოლია და ძალიან ძლიერ მენტალიტეტს მოითხოვს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა. 

FIFA.com: თქვენი კერპი მუნდიალებზე...

სანიოლი: როჟე მილა. 40 წლის ასაკში გააქვს გოლი კამერუნისთვის და ცეკვავს, ეს ერთ-ერთი დიდებული მომენტია მუნდიალების ისტორიაში. ის ნამდვილი ლეგენდაა და საფრანგეთში ძალიან პოპულარული იყო.

FIFA.com: თქვენი ფავორიტი მატჩი მუნდიალზე...

სანიოლი: 1986 წლის საფრანგეთი-ბრაზილია. 9 წლის ვიყავი მაშინ, თამაშები მექსიკაში იყო და ძალიან გვიან იწყებოდა, მაგრამ მამასთან ერთად ვუყურე. 

FIFA.com: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი...

სანილი: ის მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს - ფეხბურთის მეფე პელე. ის აღაფრთოვანებდა ყველას, გუნდელებს, მეტოქეებს, ფანებს. ის ზღაპრული იყო. 

როგორც ჩანს, მან ზიზუს ბოლომდე ვერ აპატია ფინალი

FIFA.com: როგორ გაიხსენებთ თქვენს საფეხბურთო კარიერას ნაკრებში?

სანიოლი: ძალიან გამიმართლდა, ორი ევრო და ორი მუნდიალი ვითამაშე. 

FIFA.com: გვაინტერესებს, კიდევ თუ ადანაშაულებთ ზიდანს ფინალში გაძევებისთვის...

სანიოლი: იმ 15 წლის განმავლობაში დიდებული ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე. შესაძლოა, მას სისხლი მოაწვა თავში და ადამიანად იქცა ფინალში. ადამიანებს კი შეცდომების დაშვება სჩვევიათ. სამწუხაროდ, მისი შეცდომა ძვირი დაგვიჯდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ჩვენ ახალგაზრდებს მაგალითი უნდა მივცეთ. მაგრამ არავინ იცის, მოვიგებდით კი ეს რომ არ მომხდარიყო? 

FIFA.com: საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც გითამაშიათ...

სანიოლი: ზიდანი ცდილობდა, რომ გუნდს უკეთესად ეთამაშა. მას შეეძლო მეტი ინდივიდუალიზმი გამოეჩინა, მას ეს შეეძლო, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანა იყო, გუნდს ეთამაშა უკეთ. მხოლოდ ამისთვის ზიდანი იმსახურებს ამ სტატუსს. 

კომენტარები

ბოლო ამბები