Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს ქომაგის თანდასწრებით უმასპინძლებს
  • მომავალ თამაშსა და რეგულაციებზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა
  • ინფორმაცია, რომელიც მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ 

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს გულშემატკივრების თანდასწრებით ჩაატარებს. საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს, 20:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. უეფას რეგულაციების თანახმად და შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, თამაშზე სტადიონის ტევადობის 30%, 16 000-მდე მაყურებელი დაიშვება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა "პირველ არხთან" დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდება საქართველო-ესპანეთის მატჩზე გულშემატკივრების დაშვება.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "პანდემიის შემდეგ, ჩვენთან მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიება არ გამართულა და მსურს, გულშემატკივარს მოვუწოდო, დავიცვათ ყველა რეგულაცია. ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან, მხოლოდ ონლაინ დაიწყება. გულშემატკივრები ინფორმირებული იქნებიან როგორც მატჩამდე, ისე მატჩის დროს და მატჩის შემდეგ დასაცავ ყველა რეგულაციაზე, რომელიც სულ მალე გამოცხადდება.

თამაშამდე სამი საათით ადრე გაიღება სტადიონის ყველა - ცხრავე ჭიშკარი. ბილეთების შემოწმებასთან ერთად, მოხდება თერმოსკრინინგი. სტადიონზე კვების ობიექტები არ იმუშავებს, თუმცა იქნება ხელმისაწვდომი სასმელი წყალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარი მაქსიმალურად სწრაფად მოხვდეს სტადიონზე. 

ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სტადიონზე ადგილების 30% და შესაბამისად, ადგილების 70%, რომელიც ცარიელი უნდა იყოს, არ შეივსება. დაცული უნდა იყოს დისტანცია. 

მოგეხსენებათ, თამაში 10 საათზე დასრულდება და ვზრუნავთ იმაზეც, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს კომენდანტის საათის დროს გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნათ. ბილეთი, როგორც ასეთი, საშვი არ არის. ვინაიდან შეძენა ონლაინ ხდება, მყიდველმა ყველა პირადი მონაცემი უნდა შეიყვანოს - პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სადაც სმს-შეტყობინებას მიიღებს. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ბილეთები არის პიროვნული, მფლობელს (ვის სახელზეც არის დარეგისტრირებული) მისი სხვაზე გადაცემის უფლება არ აქვს და საშვი მხოლოდ მფლობელზე იმოქმედებს. ერთ ადამიანს შეეძლება, მაქსიმუმ, სამი ბილეთი შეიძინოს, მაგრამ პლატფორმაზე სამივე ადამიანის პირადი მონაცემების შეყვანა იქნება სავალდებულო. პლუს, იქვე იქნება გრაფა, სადაც ავტომობილით გადაადგილების მსურველი მიუთითებს საკუთარი ავტომობილის ნომერს და შესაბამისად, მას ექნება გადაადგილების უფლება. ამასთან, მიმდინარეობს მერიასთან მოლაპარაკება და გვიანობამდე (საათი მოგვიანებით დაზუსტდება) იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რათა გულშემატკივრები დაუბრუნდნენ სახლებს.

თამაში კვირას არის და ყველა ჭიშკარი თამაშამდე არა ორი, არამედ სამი საათით ადრე გაიღება. ვთხოვთ გულშემატკივარს, რომ ყველა ერთობლივად, 8-ის ნახევრისთვის ნუ შევიკრიბებით. შესვლაც, მხოლოდ ბილეთზე მითითებული კარიდან იქნება შესაძლებელი".

დინამო არენაზე ესპანეთთან მატჩს 16 ათასამდე ქომაგი დაესწრება

მოგვიანებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

☑ საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს, 12:00 საათზე, TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

☑ ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა. ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.

☑ მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს

☑ ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.

☑ მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს.

☑ გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა).

☑ აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა. ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

☑ მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

☑ სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან. სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი. 

☑ სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი 
სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

☑ სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ შეხვედრას 25 მარტს, სტუმრად შვედეთში ჩაატარებს. 28-ში თბილისში ესპანეთს მიიღებს, ხოლო 31-ში უკვე გასვლაზე საბერძნეთთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები