Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 140:113 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე 19 წუთი ათამაშეს და 10-ქულიან ზღვარს მიაღწია

იანვარში 10 ქულა ტორონტოსთან, თებერვალში 10 ქულა ნიუ ორლეანთან, მარტში 10 ქულა  მილუოკისთან - გოგა ბითაძემ იანის ანტეტოკუნმპოს გუნდის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი ფავორიტი ბაქსის წინააღმდეგ პირველიდან ბოლო წუთამდე უშანსოდ იყო.

უისკონსინელთა უპირატესობა პირველივე მეოთხედში ძალიან თვალსაჩინო გახლდათ: მილუოკიმ სასტარტო პერიოდი ინდიანას 48:26 მოუგო და ამის შემდეგ უპირატესობა არათუ ხელიდან არ გაუშვია, მასპინძელთა გამარჯვება ერთხელაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ნეიტ ბიორკგრენმა 21 წლის ქართველი ცენტრი ამჯერად 19 წუთი ათამაშა და გოგამაც სეზონში მესამედ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. ბითაძემ 10-დან 4 სროლა ჩააგდო - აქედან ერთი ზუსტი სამქულიანი გახლდათ (3 მცდელობიდან). გარდა ამისა, მან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბითაძეს 5 მოხსნაც ჰქონდა (3 შეტევაში, 2 დაცვაში) და ერთი დაფარებაც. საერთო ჯამში მას -/+ კოეფიციენტი -4 გამოუვიდა.

📺 აღსანიშნავია ბითაძის ჩატენვა იანისთან და ბობი პორტისთან ბრძოლის შემდეგ.


📺 აი, მისი სამქულიანიც

📺 ზოგადად, გოგამ ამ მატჩში მართლაც კარგად იბრძოლა.

მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ - 28 ქულითა და 14 პასით (5/6 სამქულიანი). კრის მიდლტონმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა (4/6 სამქულიანი). პეისერსიდან საუკეთესო დომანტას საბონისი იყო - ლიეტუველმა 22 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ინდიანადან სულ 6-მა კალათბურთელმა შეძლო 10 და მეტი ქულის ჩაგდება და აქედან ერთ-ერთი გოგა ბითაძე გახლდათ.

42 თამაშის შემდეგ ინდიანა პეისერსს 19 გამარჯვება და 23 მარცხი აქვს - ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მილუოკი 42 მატჩის შემდეგ 28 მოგებითა და 14 წაგებით მესამეა და მხოლოდ ლიდერ ფილადელფიას და მეორე ადგილზე მყოფ ბრუკლინს ჩამორჩება.

მატჩის საუკეთესო მომენტებს და ბითაძის ჰაილაითებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები