Thumbnail
  • ფეხბურთის ისტორიიდან 10 ფუნქციონერი გამოვარჩიეთ
  • გადახედეთ ჩამონათვალს და გვითხარით, თქვენ ვის დაამატებდით

ფეხბურთს ბევრი დიდი მწვრთნელი და მოთამაშე ახსოვს, მაგრამ რაც წლები გადის, ამ სპორტის გარშემო მეტი და მეტი ფუნქციის მქონე ადამიანი მუშაობს. ზოგი გუნდის პრეზიდენტია, ზოგი სპორტული დირექტორი, ზოგიც საბჭოს თავმჯდომარე, ზოგი ფეხბურთელის აგენტი, ზოგი იურისტი, ზოგი ფინანსისტი და ა.შ. ასეთ ხალხს, როგორც წესი, მასები არ იცნობს, მაგრამ ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა კლუბის კარგი პრეზიდენტის ფასი ზედმიწევნით კარგად იცის.

#1 მარტინ ედვარდსი

ედვარდსების ოჯახი მანჩესტერ იუნაიტედს თითქმის 40 წელი მართავდა - ლუის ედვარდსი (1965-1980) და მარტინ ედვარდსი (1980-2002). უფროსი ედვარდსის და მეტ ბასბის ხელში იუნაიტედმა ევროპის ჩემპიონთა თასი პირველად მოიგო (1968), ხოლო უმცროსმა ედვარსმა იგივე, ისევ შოტლანდიელთან - ალექს ფერგიუსონთან ერთად 1999 წელს გაიმეორა. მარტინ ედვარდის მთავარი დამსახურება კლუბში 1986 წელს ალექს ფერგიუსონის დანიშვნაა, რომელსაც საწყის წარუმატებელ წლებში არაერთხელ გადაეფარა, სკეპტიკოსებისგან (კლუბის შიგნით და გარეთ) დაიცვა და საბოლოოდ კლუბს ისეთი წარმატებული წლები მოუტანა, რაც იუნაიტედს სერ ალექსის ხელში ჰქონდა. ჯამში - 26 სეზონში მოგებული 38 თასი.

#2 ჟან-მარკ ბოსმანი

‘ბოსმანის წესი’ არის კანონი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს, რომელიც აძლევს  ფეხბუთელებს იმის საშულებას, რომ თუ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ, სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა კომპენსაციის გადახდის გარეშე ჰქონდეთ. ადრე, 1995-წლამდე ასე არ იყო. ჟან-მარკ ბოსმანის საქმემ ფეხბურთში ყველაფერი შეცვალა - ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მანამდე მსოფლიოში მოქმედი სატრანსფერო სისტემა არაკანონიერად ცნეს. ბოსმანი ‘ლიეჟის’ მოთამაშე გახლდათ, ახალი კონტრაქტით მას ხელფასი 75%-ით უმცირდებოდა. ბელგიელმა ახალი კლუბი მოძებნა, თუმცა კომპენსაციის გარეშე არც იქ გაუშვეს, შედეგად მომდევნო თვეები უმუშევარმა ავტოფარეხში გაატარა. ბოსმანმა ამ საქმით ვერც კარიერა დაიბრუნა, ვერც კაპიტალი დააგროვა, მაგრამ ათასობით ფეხბურთელს თავისუფლება და ფინანსური კეთილდღეობა აჩუქა.

#3 დევიდ დინი

დევიდ დინმა ლონდონის არსენალი 1983 წელს ჩაიბარა. კრიზისში მყოფი, დიდი ვერაფერი გუნდი, რომელიც კომერციულად მკვდარი გახლდათ, 24 წლის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის გრანდის სტატუსით, ინგლისურ და ევროპულ ფეხბურთში სუპერრეპუტაციით, მსოფლიო დონის მოთამაშეებითა და ახალი, 60 000-კაციანი სტადიონით აღჭურვილი დატოვა. კონტინენტური ფეხბურთის მოყვარული და 5 ენის მცოდნე კაცის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ დღეს პრემიერლიგა არსებობს და რაც მთავარია, არსებობს ისეთი ფორმით, როგორიც ყველას გვიყვარს. ასევე, ინგლისური ფეხბურთისთვის სრულიად უცნობი ფრანგი ნოვატორის - არსენ ვენგერის არსენალში დანიშვნაც დინის იდეა გახლდათ. ცოტა ვრცლად დინის შესახებ.

#4 ჟოაო აველანჟი

ფიფას ყოფილ პრეზიდენტ ჟოაო აველანჟს ბევრი კორუფციული სისტემის შექმნაში ადანაშაულებს. მაგრამ ხარვეზებთან ერთად, სათქმელია ისიც, რომ ბრაზილიელის ადმინისტრირებისას, ფეხბურთის სახე სრულიად შეიცვალა. სწორედ მის დროს გამოჩდნენ ამ სპორტში პირველად დიდი კორპორაციები სპონოსრების სახით, სწორედ აველანჟის დროს გაჩნდა ცნება ‘სატელევიზიო კონტრაქტი’ და მისგან მიღებული სარგებელი, რაზეც დღეს მთელი პროფესიული ფეხბურთი დგას. ევროპელი ფუნქციონირებით ოკუპირებული ფიფა აველანჟის დროს გასცდა ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნების არეალს და პერიფერიული რეგიონები მოიცვა; ჟოაო ავლეანჟის დროს, ორგანიზაცია ჩაერთო საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სიღარიბის აღმოფხვრის საქმის კუთხით. ფეხბურთი რომ დღეს გლობალური მოვლენაა, ამაში ჟოაო აველანჟს, ყოფილ ოლიმპიელ მოცურავეს და ადვოკატს, დიდი წვლილი მიუძღვის.

#5 ჟორჟე მენდეში

პინჰას ზაჰავი, მინო რაიოლა, კია ჯურაბჩიანი - ეს ის სახელებია, რომლებთანაც მე-20 საუკუნის ფეხბურთის სატრანსფერო ბაზარი ასოცირდება. მაგრამ მათში ყველაზე დიდი ფიგურა მაინც პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ვინმე ცნობადი პორტუგალიელი თუ იცით, ყველას ხელმოწერა ეკუთვნის - კრიშტიანოთი დაწყებული, ჟოზე მოურინიოთი დამთავრებული. ასევე უამრავი სამხრეთამერიკელის, ესპანელის და ა.შ. ყოფილი DJ და მოყვარული მოთამაშე, დღეს ფეხბურთში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია, რომელმაც სატრანსფერო ბაზრის გეოგრაფია, ფასები და მოთამაშეთა ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმები ფეხბურთში სამუდამოდ შეცვალა.

#6 რიჩარდ სკადემორი

შეიძლება პრემიერლიგის შექმნის იდეა და კონცეფცია დევიდ დინს და სხვებს ეკუთვნით, მაგრამ ამ იდეის საუკეთესო სახით სისრულეში მოყვანა რიჩარდ სკადემორის დიდი დამსახურებაა. სკადემორმა პირველი სატელევიზიო კონტრაქტით, პრემიერლიგას 1.2 მილიარდი მოუტანა, ხოლო მეორე, რომელიც 2013 წელს გაფორმდა, უკვე 5.1 მილიარდს უდრიდა. სკადემორმა ფეხბურთის ინდუსტრიაში მბრუნავი ინვესტიციების რაოდენობა ისე გაზარდა, რომ დღეს ამ სპორტში მიმდინარე პროცესებს უკვე სულ სხვა ხასიათი აქვს. გარდა ამისა, მას მასობრივი ფეხბურთიც არ დავიწყებია, რის გამოც 2000 წელს ‘ფეხბურთის ფონდი’ დააფუძნა, ორგანიზაცია, რომელსაც მასობრივ და ბავშვთა ფეხბურთში, ბოლო 20 წლის მანძილზე 1.5 მილიარდი ფუნტი აქვს დახარჯული.

#7 ჩარლზ უ. ოლკოკი

ჩარლზ უილიამ ოლკოკი ფეხბურთის უძველესი ხანის ერთ-ერთი პირველი და არტურ კინარდთან ერთად ალბათ ყველაზე გავლენიანი ფუნქციონერი გახლდათ. ფეხბურთის ასოციაციაში თითქმის 40 წელი იმუშავა, იყო ინგლისის ნაკრების პირველი კაპიტანი (არაოფიციალურ მატჩში), იყო ასოციაციის თასის პირველი გამარჯვებული გუნდის (1872) - უონდერერსის კაპიტანიც. ასოციაციის თასი - პირველი საკლუბო ტურნირი მსოფლიო ფეხბურთში - მისი შექმნილია. ოლკოკის დიდი დამსახურებაა ის, რომ ფეხბურთში პროფესიონალი მოთამაშის კულტურა გაჩნდა, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მისი თაოსნობით, 1888-89 წლებში ინგლისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც 12 გუნდი მონაწილეობდა. ჩარლზ ოლკოკი ბეჭდავდა ფეხბურთის ყოველწლიურ წიგნს, მსაჯობდა მატჩებს, ქმნიდა და ატარებდა პირველ ტურნირებს, კერძო ბიზნესს მოუწოდებდა, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასები გადაეხადათ, ანუ მე-19 საუკუნეში მარტო აკეთებდა იმას, რაზეც დღეს დიდი სტრუქტურები და დეპარტამენტები მუშაობს.

#8 ფლორენტინო პერესი

‘გალაქტიკოსის’ მთავარი არქიტექტორი, მადრიდის რეალის პრეზიდენტი - ფლორენტინო პერესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე კლუბის პრეზიდენტია, რომელიც რეალში მეორე ვადით (2009-დან დღემდე) არჩევის შემდეგ პოსტს დღემდე ინარჩუნებს. პერესის პირველი ვადა 2000-06 წლებს უკავშირდება, სადაც სპორტულ წარმატებასთან ერთად, კლუბმა აზიურ ბაზარზე დაიმკვიდრა ადგილი. თუმცა, მისი მმართველობის ბოლო წლებში ‘გალაქტიკოსი’ წარუმატებელი გუნდი იყო და პერესიც გადადგა. 2009 წელს ახალი ძალებით დაბრუნდა - კაკათი, რონალდოთი, ბენზემათი და მოურინიოთი ახალი რეალი ააწყო, რომელმაც გასულ დეკადაში საოცარი შედეგები აჩვენა.

#8 ჟიულ რიმე

ჟიულ რიმე იმით გვახსოვს, რომ ფეხბურთს მსოფლიოს ჩემპიონატი აჩუქა. ტიოლეს კომუნაში გაზრდილი რიმე, წლები პარიზის ‘წითელი ვარსკვლავის’ პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო 1922 წელს ფიფას (მესამე) პრეზიდენტად აირჩიეს. რიმეს დროს, სამყაროს პირველი მსოფლიო ომი ჰქონდა გადატანილი, ფრანგის მიერ მუნდიალის ჩატარების იდეის ერთ-ერთი ინსპირაციაც სწორედ ეს მძიმე გლობალური მოვლენა გახლდათ. რიმე დიდი ომის ფრონტზე ნაომარი ვეტერანი იყო და ბუნებრივია, ამან მის ცნობიერებაზე დიდი გავლენა იქონია. ჯამში, ფრანგი ფიფას 33 წელი ხელმძღვანელობდა. 1956 წელს იგი წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და ომის საწინააღმდეგო პროპაგანდისათვის.

#10 რალფ რანგნიკი

თანამედროვე ფეხბურთს ბევრი მოაზროვნე ჰყავს, მაგალითად, პეპ გვარდიოლას და ჰოლანდიურ-კატალონიური კლანის ფილოსოფია, ამის სამაგალითო ერთი დიდი მოძღვრებაა. მაგრამ ბოლო წლებში გერმანიაში საინტერესო ძვრები დაიწყო და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რალფ რანგნიკია, ‘პროფესორი რალფი’ როგორც მას უწოდებენ. სათამაშო ფილოსოფია ‘გეგენპრესინგი’ და მისი დეტალიზირება სწორედ რანგნიკის სახელს უკავშირდება, რასაც დღეს ცნობილი მწვრთნელები - იურგენ კლოპი, რალფ ჰაზენჰიუტლი, იულიან ნაგელსმანი, თომას ტუხელი და სხვები მისდევენ. რანგნიკი წლებია, რედ ბულის პროექტებს უდგას სათავეში (სხვადასხვა როლში) და არაფრით გამორჩეული - ლაიპციგი და ზალზბურგი დღეს უკვე ევროპული ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრებული ძალა არიან. უნიკალურია მათი სელექციის და მოთამაშეთა განვითარების მოდელი, რასაც თანამედროვე ფეხბურთში ალბათ ანალოგი ჯერ-ჯერობით არ აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები