Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად ივარჯიშა. ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.

გუნდში გამოძახებული 25 ფეხბურთელიდან საწვრთნელ პროცესში მონაწილება 16 მოთამაშემ მიიღო. გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გურამ გიორბელიძე, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია საქართველოში დღეს ჩამოვლენ და ნაკრებთან ერთად ხვალიდან ივარჯიშებენ.

მოგეხსენებათ, ნაკრებს ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, რომლის ნაცვლად სანიოლმა ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია გამოიძახა. ნაკრები თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს სამშაბათს გამართავს, ხოლო შემდეგ სტოკჰოლმში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩს 25 მარტს, სტუმრად შვედეთთან გამართავს, ხოლო შემდეგ შინ ესპანეთს (28 მარტი) და სტუმრად საბერძნეთს (31 მარტს) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი),  ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები