Thumbnail

იოსებ ტყემალაძე: საქართველოს რაგბის კავშირის ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია'
  • საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა

საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და ორგანიზაციის თანამშრომლებს საკუთარი გეგმებიც გააცნო. ტყემალაძემ ყურადღება რაგბის კავშირში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები დასახული არ აქვს. მისი კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდმა გაავრცელა.

“დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს. პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით – მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა, რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით, კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთნონ სამუშაო პროცესში! ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი, ასევე ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ხელმძღვანელის გარეშე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იყო. მრავალჯერ გადადებული არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა ჯამში 42 ხმით პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე აირჩია. თავდაპირველად, ის საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, თუმცა, მცირე ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ტყემალაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები