Thumbnail
  • ბრუკლინი 113:106 ვაშინგტონი
  • ბრუკლინიდან საუკეთესოები ჰარდენი და ირვინგი იყვნენ
  • ყველაზე შედეგიანი ვესტბრუკი აღმოჩნდა - 29 ქულით და სამმაგი დუბლით

ბრუკლინ ნეთსი ვაშინგტონს მასპინძლობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა, თამაშის ტემპს და ანგარიშს ნეთსი მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა. 

ბრუკლინს სამიანები არ წაუვიდა (ზუსტი სროლების მხოლოდ 31 პროცენტი) და, ზოგადად, მეტოქეზე ცუდად ისროდა - ზუსტი სროლების 49 პროცენტი ვაშინგტონის 53-ის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნეთსმა მეტოქეზე 11 სროლით მეტი შეასრულა. ვაშინგტონმა 19-ჯერ დაკარგა ბურთი, ბრუკლინმა - მხოლოდ 7-ჯერ. გარდა ამისა, ნეთსს ბურთის 11 მოპარვაც ჰქონდა. ამ კომპონენტების ხარჯზე, ბრუკლინი ბურთს უფრო ხშირად ფლობდა და მეტი შეტევა და მეტი სროლა შეასრულა.

კევინ დურანტის არყოფნაში საუკეთესოები უკვე ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი და კაირი ირვინგი იყვნენ. კაირიმ 28 ქულა ჩააგდო, თუმცა შეხვედრა -7-ით დაასრულა, ჰარდენის ანგარიშზე 26 ქულა და 8 პასი იყო და მას +7 ჰქონდა.

ჰარდენი და ნეთსის ახალწვეული გრიფინი

ვაშინგტონიდან ყველაზე შედეგიანი რასელ ვესტბრუკი იყო, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი გააკეთა. ვესტბრუკმა 20-დან 10 სროლა ჩააგდო და 29 ქულით, 13 პასით და 13 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. უფრო მოკრძალებული იყო ბრედლი ბილი, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 15 ქულაა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის დაკარგვების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დუეტზე მოდის. ვესტბრუკმა ბურთი 8-ჯერ დაკარგა, ბილმა კი - ექვსჯერ. 20-20 ქულა ჩააგდეს ჰაჩიმურამ და ლენმა. 

ვაშინგტონის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სათადარიგო სკამი აღმოჩნდა. რეზერვმა დედაქალაქელებს მხოლოდ 14 ქულა მოუტანა და ძალიან დიდ მინუსში წავიდა, მაშინ როცა ძირითადი ხუთეულიდან ვესტბრუკის გარდა, ყველას დადებითი მაჩვენებელი ჰქონდა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ბლეიკ გრიფინის ბრუკლინში დებიუტი აღმოჩნდა. გრიფინმა სათადარიგო სკამიდან 15 წუთი ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, თუმცა ორივე გუნდში ყველაზე პროდუქტიული იყო და მატჩი +12-ით დაასრულა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები