Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 92:132 დალას მავერიკსი
  • ლუკა დონჩიჩმა 3 მეოთხედში 37 ქულა ჩააგდო

დალასმა პარასკევს განცდილი მარცხის გამო პორტლენდზე შური იძია. ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ ბლეიზერსი დიდი ანგარიშით, 132:92 დაამარცხეს. მავერიკსის სლოვენიელი ლიდერი შეუდარებელი იყო და გარდა იმისა, რომ 37 ქულით მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახლდათ, 8 ზუსტი სამქულიანით კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

ლუკა პარასკევს დაფიქსირებულ 38-ქულიან შედეგსაც აუცილებლად გააუმჯობესებდა, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო - მხოლოდ 29 წუთი ითამაშა და მერე სკამიდან მშვიდად უყურებდა, როგორ მიიყვანეს დალასის რეზერვისტებმა საქმე ბოლომდე. ლუკამ ზედიზედ 8-სამქულიანი ჩააგდო, რაც, როგორც უკვე ვთქვით, მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. მან მხოლოდ მე-9 სამიანი ვეღარ გამოიყენა. ამ ყველაფერთან ერთად, დონჩიჩს 7 მოხსნა, 4 პასი და 5 დაკარგვაც ჰქონდა.

“როცა ასეთ ფორმაშია და ასეთი რიტმი აქვს, ლუკას შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დალასის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

პორტლენდელები პერიმეტრიდან ასე კარგად ვერ ისროდნენ (9/41, 22 პროცენტი). დამიან ლილარდს 19 ქულა ჰქონდა (0/7 სამიანი) და 4 პასიც, რითაც თავის გუნდში უკვე საუკეთესო იყო. 10-ქულიანი ზღვარი მის გარდა მხოლოდ სი ჯეი მაკოლუმმა (13, 0/5 სამიანი), გარი ტრენტმა (16) და ნასირ ლიტლმა (14) გადალახეს.

მავერიკსიდან, დონჩიჩის გარდა, შთამბეჭდავი დღე ჰქონდათ ჯოშ რიჩარდსონს (21 ქულა), დორიან ფინი-სმითსა (13 ქულა) და დუაიტ პაუელს (11 ქულა). კარლაილმა ყველა მოთამაშე მინიმუმ 5 წუთი ათამაშა. კრისტაპს პორზინგისმა 2/4 სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება დააგროვა.

41 მატჩის შემდეგ, 22 გამარჯვებითა და 19 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. პორტლენდს 42 თამაშის შემდეგ 25 მოგება და 17 მარცხი აქვს - ბლეიზერსი დასავლეთში მეექვსეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები