Thumbnail

მარტის დასრულებამდე ჯერ დროა, თუმცა საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 2 აპრილს განახლდება. 

მარტში ქართველმა ლეგიონერებმა (პროფესიულ ლიგებში) ჯამში 20 გოლი გაიტანეს და 4 საგოლე პასი მიითვალეს. იანვარში 15 გოლი იყო, თებერვალში - 20. რაც შეეხება საგოლე პასებს, აქ კლებაა - იანვარი - 12, თებერვალი - 9. სამი გოლი, თან ერთ თამაშში გაიტანა ლევან კუტალიამ, თუმცა ის ისრაელის რანგით მე-2 დივიზიონში თამაშობს. მის გარდა სამი გოლით გამოირჩა გიორგი ბერიძე, რომელიც უნგრულ უიპეშტში თამაშობს. 

გიორგი ბერიძე - 4 თამაში, 3 გოლი
უიპეშტი (უნგრეთი). 23 წლის
საშუალოდ 0.75 გოლი მატჩში
€450 000

ექსგენტელმა მარცხენა გარემარბმა კარგი თამაშით ვილი სანიოლის ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა (ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი აქვს). უიპეშტის რიგებში გიორგის ამ სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი. მარტში მან პუშკაშ აკადემიას გაუტანა, შემდეგ კი კიშვარდას კარში დუბლი შეასრულა.  

📺 გიორგი ბერიძის დუბლი კიშვარდასთან


იორგი ქვილითაია - 4 თამაში, 2 გოლი
ანორთოსისი (კვიპროსი). 27 წლის 
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€1 800 000

ბრწყინვალე იანვრის შემდეგ, როცა გიორგი მოედნიდან ფაქტობრივად უგოლოდ არ გადიოდა, მან თებერვალი ჩააგდო, თუმცა მარტში 2 გოლის გატანა მაინც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას გუნდი ბოლო დროს ცუდად თამაშობს. ქვილითაიას ჯამში ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი, აქედან 12 მოდის კვიპროსის პირველ დივიზიონზე. განსაკუთრებით მაღალი კლასის იყო გოლი, რომელიც მან ლიმასოლის აელ-ს გაუტანა. 

📺 ქვილითაიას გოლი აელ-ის კარში 

გიორგი მიქაუტაძე - 3 თამაში, 1 გოლი, 1 ასისტი
სერენი (ბელგია). 20 წლის
საშუალოდ 0.33 გოლი მატჩში
€1 200 000

ნაკრების დებიუტანტი ისეთ საოცარ ფორმაში არ არის, როგორც სეზონის დასაწყისში, თუმცა გოლები კვლავ გააქვს. მარტში მან მოლენბეკს გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა (მისი პირველი სეზონში). ერთი მატჩი ჟორჟმა მორიგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში 18 გოლია, რითაც საუკეთესოა ქართველ ლეგიონერთა შორის.

📺 ჟორჟ მიქაუტაძის გოლი+პასი მოლენბეკთან 

თორნიკე ოქრიაშვილი - 4 თამაში, 1 გოლი, 1 ასისტი
ანორთოსისი (კვიპროსი). 29 წლის
საშუალოდ 0.25 გოლი მატჩში
€1 000 000

გამოცდილმა ნახევარმცველმა გოლი აპოლონის კარში გაიტანა. მის ანგარიშზეა აგრეთვე მოპოვებული პენალტი. ოქრიაშვილს ამ სეზონში 7 გოლი დაუგროვდა. 

ბუდუ ზივზივაძე - 4 თამაში, 2 გოლი
ფეჰერვარი (უნგრეთ). 27 წლის
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€750 000

ბუდუმ კარგი თამაშით ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. მას ამ სეზონში უკვე 10 გოლი დაუგროვდა. 

📺 ზივზივაძის გოლი ბუდაფოკისთან

ხვიჩა კვარაცხელია - 3 თამაში. 1 გოლი, 1 ასისტი
რუბინი (რუსეთი). 20 წლის
საშუალოდ 0.33 გოლი მატჩში
€10 000 000

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი მატჩები ჰქონდა რუსეთის პრემიერ-ლიგაში. მან უფასთან გოლი პლუს პასი მიითვალა. მართალია, ეს სტატისტიკაში არ ასახულა, მაგრამ მან კიდევ უფრო კარგად ითამაშა ზენიტის წინააღმდეგ. აი, ხიმკისთან მატჩი კი "ჩააგდო". 

📺 უფა V რუბინი

საბა ლობჟანიძე - 4 თამაში, 1 გოლი, 1 ასისტი
ანკარაგიუჯუ (თურქეთი). 26 წლის
საშუალოდ 0.25 გოლი მატჩში
€2 000 000

ამ თვეში საბამ გალათასარაის გაუტანა, მისმა გუნდმა კი გაიმარჯვა. მართალია, მას სეზონში სულ 3 გოლი აქვს, მაგრამ საგოლე პასების რიცხვი შთამბეჭდავია - 8 (საუკეთესო ქართველ ლეგიონერებში). 

📺 საბა ლობჟანიძის გოლი გალათასარაის კარში

მათ გარდა მარტში გოლებით თავი გამოიჩინეს: ნიკა ნინუამ (პაოკ), გიორგი აბურჯანიამ (კარტახენა), ლევან ელოშვილმა (კაპფენბერგერი), ლუკა ლოჩოშვილმა (ვოლფსბერგერი) და ნიკა სიჭინავამ (ინჰულეცი). 

📺 გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური გოლი პონფერადინასთან

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა თებერვლის მიწურულს დაიწყო. მარტში ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი ლაშა შერგელაშვილმა (თელავი), ირაკლი სიხარულიძემ (ლოკომოტივი) და შოთა ნონიკაშვილმა (საბურთალო) გაიტანეს - 2-2. 2-2 საგოლე პასი აქვს რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის არცერთია ზემოთ ჩამოთვლილთაგან. 

საინტერესო ფაქტები

⚽ შესრულდა მხოლოდ ერთი ჰეთ თრიკი: ლევან კუტალია და ერთი დუბლი: გიორგი ბერიძე.

⚽ 2021 წელს ყველაზე მეტი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა - 7, მას ერთი გოლით ჩამორჩება დავით ვოლკოვი (ზირე). 

⚽ გიორგი მიქაუტაძემ სეზონში პირველად გააკეთა საგოლე პასი.

⚽ 2021 წელს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს საბა ლობჟანიძეს - 6. 

კომენტარები

ბოლო ამბები